LIVE

გვენეტაძე: თებერვლიდან ინფლაციის უფრო მეტად შემცირება უნდა დავინახოთ

24 იან 202314:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 355
გვენეტაძე: თებერვლიდან ინფლაციის უფრო მეტად შემცირება უნდა დავინახოთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ელის, რომ ინფლაციის ტემპი უფრო მეტად თებერვლიდან შემცირდება. 

მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ინფლაციური მოლოდინების შემცირების შემდეგაა მოსალოდნელი.

"ვფიქრობთ, სხვა თანაბარ პირობებში, არსებული ტენდენცია გაგრძელდება. დაახლოებით თებერვლის თვიდან უნდა დავინახოთ ინფლაციის უფრო მეტად შემცირება და წლის მესამე კვარტალში უკვე თარგეთთან ახლოს ყოფნა. მოგეხსენებათ, გაურკვევლობა ჯერ კიდევ მაღალია, აქედან გამომდინარე პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. 

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება მდგრადია, ანუ როდესაც ინფლაციური მოლოდინები შემცირდება, უკვე შესაძლებელი იქნება ფიქრი, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს",- აღნიშნა გვენეტაძემ. 

ორნიშნა ინფლაცია გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 9.8%-მდე შენელდა, წინა თვის 10.4%-იანი დონიდან. ნოემბერთან მიმართებით კი 0.3%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა. 21 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.