LIVE

ინდოეთი სავარაუდოდ ჩინეთს ჩაანაცვლებს და წელს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა გახდება

20 იან 202317:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
ინდოეთი სავარაუდოდ ჩინეთს ჩაანაცვლებს და წელს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა გახდება

წელს ინდოეთი სავარაუდოდ, მოსახლეობის რაოდენობით გადაუსწრებს ჩინეთს და მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა გახდება. ამის ალბათობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჩინეთის მოსახლეობა, 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2022 წელს პირველად შემცირდა

აღსანიშნავია, რომ ამგვარ ცვლილებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები ექნება ორივე აზიური გიგანტისთვის, რომელთაგან თითოეულს 1.4 მილიარდზე მეტი მოქალაქე ჰყავს.

მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ჩინეთმა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელიც დააფიქსირა. ჩინეთის ეკონომიკა 2022 წელს მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. პარალელურად, ქვეყანაში სამუშაო ძალა მცირდება და პენსიაზე გამსვლელთა რიგებიც იზრდება.

ამასთან, ინდოეთშიც არსებობს რისკი, რომ ქვეყანამ შეიძლება სამუშაოს მაძიებლებისთვის შესაბამისი შესაძლებლობები ვერ შექმნას. ქვეყანაში კვლავ დაბალია საშუალო ანაზღაურება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2021 წლის მონაცემებით, ინდოეთის სამუშაო ასაკის მოსახლეობა 900 მილიონზე მეტია. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ეს რიცხვი 1 მილიარდს გადააჭარბებს. თუმცა დასაქმებასთან დაკავშირებული რისკების გამო, ექსპერტები ქვეყანას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

​ინდოეთის სამუშაო ძალის მონაწილეობის მაჩვენებელი გასულ წელს 46%-ს შეადგენდა, რაც მსოფლიო ბანკის მიხედვით აზიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია. შედარებისთვის, იმავე წელს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში მაჩვენებლები 68%-ს და 61%-ს შეადგენდა. ქალების შემთხვევაში ეს რიცხვები კიდევ უფრო საგანგაშოა. გასულ წელს, ინდოეთში ქალების სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე მხოლოდ 19% იყო.

როგორც ინდური ბიზნესის სკოლის ორგანიზაციული ქცევის პროფესორი აღნიშნავს, ქვეყანა ახლა ბომბზე ზის და სოციალური არეულობა დაიწყება, თუ იგი მოკლე დროში დასაქმებისთვის საკმარის შესაძლებლობას ვერ შექმნის.

ინდოეთის ეკონომიკის მონიტორინგის ცენტრის (CMIE) მიხედვით, უმუშევრობის დონე დეკემბერში 8.3%-ს შეადგენდა. ამის საპირისპიროდ, აშშ-ს მაჩვენებელი გასული წლის ბოლოს დაახლოებით 3.5% იყო. CMIE-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაჰეშ ვიასის თქმით, ინდოეთს მსოფლიოში ყველაზე ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ჰყავს.

„ინდოეთმა უნდა გამოიყენოს შრომისა და კაპიტალის მარტივი ხელმისაწვდომობის ეს იშვიათი შესაძლებლობა სწრაფი ზრდისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, ამას გამოტოვებს," - ამბობს მაჰეშ ვიასი.

ინდოეთის უმუშევრობის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხარისხიანი განათლების ნაკლებობაა. ცუდი განათლებისა და დასაქმების უქონლობის ამ ტოქსიკური კომბინაციის შედეგად, კოლეჯების ათასობით კურსდამთავრებული, მათ შორის დოქტორის წოდების მქონე პირები, მიმართავენ დაბალ საჯარო სამუშაოებს, რაშიც ყოველთვიურად $300-ზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. თუმცა კარგი ამბავია ის, რომ პოლიტიკის შემქმნელებმა ეს პრობლემა გააცნობიერეს და დაიწყეს "გონივრული აქცენტის გაკეთება უნარების შექმნაზე", თუმცა ეფექტური შედეგის მიღწევას წლები დასჭირდება.

აზიის სიდიდით მესამე ეკონომიკას ასევე სჭირდება მეტი არასასოფლო სამუშაო ადგილის შექმნა. ქვეყნის მთავრობის ბოლო მონაცემებით, ინდოეთის სამუშაო ძალის 45%-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული. ქვეყანამ, 2030 წლისთვის, უნდა შექმნას მინიმუმ 90 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, რათა ახალი მუშახელი აითვისოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის მატებასთან ერთად, ინდოეთმა საერთაშორისო გიგანტების მოზიდვით წარმოების გაძლიერებაში გარკვეულ პროგრესსაც მიაღწია, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქარხნები კვლავ შეადგენენ ინდოეთის მშპ-ს მხოლოდ 14%-ს.

მიმდინარე ფისკალურ წელს, რომელიც მარტში სრულდება, მოსალოდნელია რომ ქვეყნის ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება, რითაც ის სავარაუდოდ იქნება მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. Mckinsey-ს ანგარიშის თანახმად, პროდუქტიული ზრდისთვის, ინდოეთის მშპ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად 8%-დან 8.5%-მდე უნდა გაიზარდოს.