LIVE

ბანკმენ-ფრიდი ბრალდებებს უარყოფს, სასამართლო ოქტომბერში შედგება

04 იან 202310:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1460
ბანკმენ-ფრიდი ბრალდებებს უარყოფს, სასამართლო ოქტომბერში შედგება
REUTERS/David Dee
სემ ბანკმენ-ფრიდმა სამშაბათს, ნიუ-იორკის საქალაქო სასამართლოში გამართულ საპროცესო სხდომაზე თავი დამნაშავედ არ ცნო ბრალდების არც ერთ ნაწილში.
 
ერთ დროს კრიპტო მილიარდერს ბრალი ედება თაღლითობასა და შეთქმულებაში, ფულის გათეთრებასა და ფინანსური რეგულაციებისთვის თავის არიდებაში. მას ასევე ბრალად ედება FTX-ის კლიენტების თანხების მის მიერვე დაფუძნებულ ჰეჯ ფონდზე, Alameda Research-ზე გახარჯვა, ასევე ამ ფულით უძრავი ქონების შესყიდვა და მილიონობით დოლარის პოლიტიკური დონაცია.
 
მას შემდეგ რაც ბანკმენ-ფრიდმა ბრალდებები უარყო, მოსამართლე ლუის კაპლანმა სასამართლო განხილვის დაწყების თარიღად 2 ოქტომბერი დაასახელა. 
 
"ბანკმენ-ფრიდი სასამართლოსთან შავი ჯიპით გამოცხადდა, რომელსაც კამერებმა წრე მომენტალურად შემოარტყეს. ზედახორამ იმდენად იმძლავრა, რომ ბანკმენ-ფრიდის დედამ მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო და სველ ქვაფენილზე დაეცა, ვიდრე კამერები მისი შვილის კადრის დაჭერას ცდილობდნენ," წერს CNBC.
 
ამ კონკრეტულ მომენტამდე, ბანკმენ-ფრიდის ადვოკატებმა შუამდგომლობა წარადგინეს იმასთან დაკავშირებით, რომ განხილვაზე იმ ორი ინდივიდის სახელი არ გასაჯაროებულიყო, ვინც მათი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლება გახადა შესაძლებელი. ადვოკატების თქმით, საქმის და მოპასუხის მიმართ მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა უკვე ისედაც მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა ბანკმენ-ფრიდის მშობლებს, შესაბამისად ეს დისკომფორტი თავდებებს მაინც არ უნდა შეექმნათ. მოსამართლე კაპლანმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
 
ფედერალურმა ბრალმდებელმა, დენიელ სასუნმა სასამართლოს განუცხადა, რომ ბანკმენ-ფრიდი უცხოურ მარეგულირებლებთან თანამშრომლობით გეგმავდა იმ თანხების ტრანსფერს, რომელთა მოპოვებას FTX-ის მენეჯმენტი აშშ-ში დაწყებული გაკოტრების პროცესით ცდილობდა.
 
ბაჰამის მარეგულირებელი და FTX-ის ამერიკელი ადვოკატები რამდენიმე კვირის განმავლობაში დავობდნენ დელავერის სასამართლოში მიმდინარე გაკოტრების საქმის ფარგლებში მილიონობით, თუ არა მილიარდობით დოლართან დაკავშირებით. FTX-ის დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ბაჰამის მარეგულირებლებმა ბირჟიდან არალეგალურად გაიტანეს ასობით მილიონი დოლარი გაკოტრების საქმის დაწყებიდან მალევე. თავის მხრივ, ბაჰამა აცხადებს, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა მათ აძლევს იურისდიქციას აღნიშნულ აქტივებზე. ბაჰამელი მარეგულრებლები, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებენ თავად აშშ-ს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაკოტრების პროცედურების ვალიდურობას.
 
საქმე იმაშია, რომ ბაჰამის ფასიანი ქაღალდების კომისიამ 3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტო აქტივები ჩამოართვა FTX-ის ბაჰამაში რეგისტრირებულ ბიზნესს და საკუთარ ციფრულ საფულეზე განათავსა "დროებით", ვიდრე ეს თანხები ბაჰამის სასამართლოს გადაწყვეტილებით კლიენტებს, კრედიტორებს ან ლიკვიდაციის საქმის მწარმოებლებს გადაეცემათ.
 
FTX კი ირწმუნება, რომ ბაჰამის მარეგულირებელი კალკულაციაში ცდება და მის მიერ ბირჟიდან გატანილი აქტივების ღირებულება  მხოლოდ 296 მილიონი დოლარია, ნაცვლად $3.5 მილიარდისა.
 
ბაჰამის ნაწილში, ფედერალური ბრალმდებელი უფრო FTX-ის ადვოკატებისკენ იხრება, თუმცა სასუნმა მოსამართლე კაპლანს ასევე სთხოვა შეუზღუდოს ბანკმენ-ფრიდს წვდომა FTX-ის კლიენტთა თანხებზე. მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
 
თავად ბაჰამაში დაკავებული ბანკმენ-ფრიდი აშშ-ში 21 დეკემბერს დაბრუნდა, მომდევნო დღეს კი $250 მილიონიანი გირაოთი გამოუშვეს, რომელიც კალიფორნიაში მდებარე მისი ოჯახის კუთვნილი სახლით არის უზრუნველყოფილი.
 
პროკურატურამ სასამართლოზევე განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცალკე ჯგუფური დავა დაიწყება FTX-ის დაზარალებულთა თანხების დასაბრუნებლად. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ბანკმენ-ფრიდმა მომხმარებელთა კუთვნილი $8 მილიარდი გამოიყენა უძრავი ქონების ექსტრავაგანტური შესყიდვებისა და არაფრისმომცემი პროექტების დასაფინანსებლად. მათ შორის, მაგალითად სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლების მოსაპოვებლად და პოლიტიკური დონაციებისთვის, რაზეც პროკურატურის მტკიცებით, მილიონები დახარჯა.
 
პროკურატურის გარდა, 30 წლის ყოფილ კრიპტო მილიარდერთან ბრალდებები აქვთ სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიას, ასევე ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასაც. მათ დახმარებას უწევდნენ ბანკმენ-ფრიდის უახლოესი მოკავშირეები - ქეროლაინ ელისონი, ბრალდებულის ჰეჯ ფონდის Alameda Research-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და გერი ვანგი, რომელმაც FTX ბანკმენ-ფრიდთან ერთად დააფუძნა. 
 
ორივე მათგანმა ბრალი 21 დეკემბერს აღიარა. მათ მიერ პროკურატურასთან დადებულ საპროცესო შეთანხმებას წინ უძღოდა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ელისონი, წარსულში ბანკმენ-ფრიდის რომანტიული პარტნიორი, ფედერალურ გამოძიებასთან აქამდეც თანამშრომლობდა. 
 
საქმეში ფიგურირებს FTX-ის კიდევ ერთი ყოფილი აღმასრულებელი, რაიან სალამე - მან პირველმა მიაწოდა მარეგულირებლებს ინფორმაცია FTX-ის შიგნით არსებულ სამართალდარღვევებზე. FTX-ის ყოფილმა თანამმართველმა ბაჰამის მარეგულირებელს კლიენტების აქტივებთან მიმართებაში შესაძლო დარღვევებზე იქამდე ორი დღით ადრე აცნობა, ვიდრე კრიპტო ბირჟა გაკოტრებაზე განაცხადს შეავსებდა. 
 
ბანკმენ-ფრიდი აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების და ფინანსური მარეგულირებლების მიერ ეჭვმიტანილია "ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და თავხედურ თაღლითობაში".