LIVE

MBC: მოგების გადასახადის ზრდა სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს

07 დეკ 202217:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
MBC: მოგების გადასახადის ზრდა სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში აცხადებენ, რომ მისოებისთვის მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე გაზრდა სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაზე უარყოფითად აისახება.

როგორც MBC-ის დამფუძნებელმა, გია პეტრიაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, საგადასახადო ტვირთის ზრდა განსაკუთრებით იმ კომპანიების განვითარებას შეაფერხებს, რომლებსაც ისედაც დაბალი მომგებიანობა აქვთ.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საგადასახადო ცვლილებები მომხმარებლებსა და საპროცენტო განაკვეთებზე პირდაპირ არ აისახება.

„სექტორში არიან როგორც მაღალმომგებიანი, ასევე შედარებით მცირე მოგების მქონე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. მათ, ვისაც მოგების მაჩვენებლები ისედაც დაბალი აქვთ, გადასახადის ზრდა კიდევ უფრო გაურთულებს ოპერირებას. მთლიანობაში ყველა ეს სიახლე, რაც მთავრობის მხრიდანაა შემოთავაზებული, ალბათ დარგის მიმართ ინვესტორების ინტერესის და ენთუზიაზმის შემცირებას გამოიწვევს. მათ შორის ის გარემოებაც, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელით ვერც მომავალში ისარგებლებენ. ჯერჯერობით დაგეგმილი ცვლილებები ჩვენთვისაც ახალია და კონკრეტული გათვლები, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი სექტორზე, ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა იმის თქმა შეგვიძლია, რომ გადასახადის ზრდა პირდაპირ არ აისახება მომხმარებელზე და ეს არ გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების გაზრდას, რადგან ჩვენს სექტორში განაკვეთები ისედაც მაღალია“, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.  

ამასთან, როგორც „ბიზნეს ფორმულას“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ასოციაციაში განუცხადეს, შესაძლოა, მისოების ნაწილმა, რომელიც მიკრობანკად გარდაქმნას გეგმავს, მთავრობას ინიციატივით მიმართოს, რომ მათთვის დროებით ძველი დაბეგვრის მოდელი შენარჩუნდეს.

„მიკრობანკობის კანდიდატი მისოების მოგების მარჟა როგორც ბანკებთან, ასევე ზოგადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალო მოგებასთან შედარებით დაბალია. შესაძლოა, მივმართოთ მთავრობას და ვთხოვოთ, რომ ასეთი ორგანიზაციების მიკრობანკად გარდაქმნის პირველ წლებში მაინც, მათთვის მოგების გადასახადის ძველი, 15%-იანი განაკვეთი შენარჩუნდეს“,- განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო დევდარიანმა.

მოგების გადასახადი 2023 წლიდან 20%-მდე კომერციულ ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც გაეზრდებათ. ამასთან, ბანკების მსგავსად, მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი არც მისოებზე გავრცელდება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „ბიზნეს ფორმულასთან“ განმარტა, მთავრობა ელის, რომ საგადასახადო ცვლილებების შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავლები 2024 წლისთვის 200 მილიონ ლარამდე იქნება.