მოგების გადასახადი 20%-მდე კომერციულ ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და მიკრობანკებსაც გაეზრდებათ.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე „ბიზნეს ფორმულასთან“ განმარტავს, მთავრობა ელის, რომ საგადასახადო ცვლილებების შედეგად მიღებული დამატებითი შემოსავლები 2024 წლისთვის 200 მილიონ ლარამდე იქნება.
„დაგეგმილია, რომ სადაზღვევო კომპანიები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე 2024 წლიდან გადავიდნენ. რაც შეეხება სესხის გამცემ სუბიექტებს, როგორებიცაა ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მათთვის ესტონური მოდელი აღარ იქნება, დაბეგვრის განსხვავებულ რეჟიმზე გადავლენ, ესაა მოგების გადასახადის 20%-იანი დაბეგვრა და დივიდენდის 5%-იანი გადასახადის გაუქმება“,- განაცხადა კაკაურიძემ.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბანკებისთვის მოგების გადასახადი აქამდე არსებული 15%-ის ნაცვლად, 20% გახდება. ამასთან, ბანკები მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ და აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერი გაუქმდება. გადაწყვეტილების არგუმენტად პრემიერმინისტრი ბანკების "გაუმართლებლად მაღალ მოგებას" ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ბანკებისთვის სიურპრიზი იყო და საბანკო ასოციაციაში ამბობენ, რომ სექტორი ახლა კანონპროექტის შესწავლის პროცესშია.
„ვერ ვიტყვი, რომ საბანკო სექტორი აბსოლუტურად არაინფორმირებული იყო, მაგრამ დეკემბერი გარკვეულწილად სიურპრიზების თვედ რჩება და მაინც სიახლეა. ახლა კანონპროექტის შესწავლის პროცესში ვართ. შეფასებას ვაკეთებთ, თუ რა ეფექტი ექნება აღნიშნულ ცვლილებებს, როგორც ფისკალური კუთხით, ისე საბანკო სექტორზე და ეკონომიკაზე“, - განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.