LIVE

სატარიფო პოლიტიკა კონკურენციამ უნდა დააბალანსოს - კომუნიკაციების კომისიის წევრი

20 ნოე 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 591
სატარიფო პოლიტიკა კონკურენციამ უნდა დააბალანსოს - კომუნიკაციების კომისიის წევრი

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, რომ ტელეკომ ოპერატორების მიერ ტარიფების გაძვირების მიზეზი გარემო ფაქტორები, მათ შორის, ინფლაციაა.

როგორც აბაშიძე "ბიზნეს ფორმულასთან" ამბობს, MVNO-ების ბაზარზე შემოსვლა სამომავლოდ ტარიფებს დაარეგულირებს.

"ფასის ზრდა, თავისთავად არ არის სასიამოვნო და მისაღები, მაგრამ ეს კონკრეტული მოცემულობებითაა განპირობებული. მთავარი ინსტრუმენტი და მექანიზმი, სწორედ, კონკურენციის განვითარებაა, რისკენაც ვართ ორიენტირებულები. კონკურენციამ უნდა დააბალანსოს სატარიფო პოლიტიკა",- აცხადებს ვახტანგ აბაშიძე და დასძენს, რომ თუ მომავალში ტარიფები კიდევ გაიზრდება, კომისია საჭიროებისამებრ იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე მხოლოდ ერთადერთი ვირტუალური მობილური ოპერატორი ოპერირებს, რომელიც ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოვიდა. "ჰალო" მსხვილი მობილური ოპერატორების ალტერნატივაა, რომელიც "სილქნეტის" ინფრასტრუქტურის დახმარებით მუშაობს. 

სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ერთი ვირტუალური ოპერატორის შემოსვლით ბაზარზე კონკურენტული გარემო ვერ შეიქმნება, მითუმეტეს, როდესაც "ჰალოს" ტარიფები "სილქნეტის" ტარიფების მსგავსია. შესაბამისად, სპეციალისტების ნაწილი კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებს, ჩაერიოს იმ ვირტუალური ოპერატორების მოლაპარაკებებში, რომლებსაც სურთ, ქსელზე დაშვება და ვერ ახერხებენ.

რაც შეეხება ტარიფებს, მიმდინარე წლის 27 ივლისიდან ულიმიტო მობილური ინტერნეტის ტარიფები გაზარდა "სილქნეტმა". "მაგთიმ" კი ტარიფები 3 აგვისტოდან გააძვირა. ტარიფის ცვლილება მობილურ აბონენტებთან ერთად, ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომხმარებლებსაც შეეხოთ.

აღსანიშნავია, რომ ტარიფები წლის დასაწყისშიც გაიზარდა. კერძოდ, თებერვალში გაძვირდა "მაგთის" მობილური ინტერნეტი - გაუქმდა ულიმიტო 25-ლარიანი პაკეტი და 10 თებერვლიდან ხელმისაწვდომია 30 ლარიანი კოქტეილი (ულიმიტო წუთები და SMS-ები, 3000 MB ინტერნეტი), ულიმიტო ინტერნეტ კვირა 2 ლარით, 7 ლარამდე გაძვირდა, ულიმიტო დღე-ღამე კი 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი 50 თეთრი გახდა. 28 თებერვლიდან 1 და 5 დღიან ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები გააძვირა "სილქნეტმაც". ამასთან, თებერვალში "ბილაინმა" სტანდარტულ სასაუბრო ტარიფი გააძვირა.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებდნენ, რომ იგეგმებოდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც ქართული ტელეკომ ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფების ევროპის ქვეყნებთან შედარება და ფასების ადეკვატურობის შეფასება მოხდებოდა.