LIVE

თხილის, ყურძნის და არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე ₾124 მლნ იხარჯება

01 ნოე 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 879
თხილის, ყურძნის და არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე ₾124 მლნ იხარჯება

მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების სუბსიდირებისთვის ჯამში 124 მლნ ლარზე მეტი იხარჯება.

რთველი 2022-ის სუბსიდირების ფარგლებში, მევენახეებმა 1 კგ თეთრი ყურძენი 90 თეთრად ჩააბარეს. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი კი 4 ლარით სუბსიდირდება. ჯამში ბიუჯეტს 2022 წლის რთველის სუბსიდირება 100 მლნ ლარი დაუჯდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში 20 ათასზე მეტმა მევენახემ 250 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. რაჭაში კი მევენახეებმა 11 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. მთავრობამ რთველი გასულ წელსაც დაასუბსიდირა, რაზეც 138 მლნ ლარი დაიხარჯა.

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წელს 1 მლნ ლარით გაიზარდა, ჯამში სექტორი 4 მლნ ლარით დასუბსიდირდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. 30 ოქტომბრის მდგომარეობით, გადამმუშავებელი კომპანიების მიერ, მიღებულია 35,467 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, რის შედეგადაც ფერმერებმა 8,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 3,5 მლნ ლარს აღემატება.

წელს ახალი მიმართულებაა თხილის წარმოების სუბსიდირება, რაზეც ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი დაიხარჯება. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირება მოხდება და ფერმერები 500 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

პროგრამის ფარგლებში, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირება მოხდება. ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში, ან სარგებლობაში აქვს 0.2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ფართობი, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის დახმარებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ფერმერებს აგრობარათები გადაეცემათ, სადაც შესაბამისი თანხის ოდენობით ქულები დაირიცხება. ბარათით თხილის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა საქონლის შეძენა იქნება შესაძლებელი.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დაიხარჯება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის, თუმცა დადასტურებულია, რომ დარგს სახელმწიფო მიმდინარე წელსაც დაასუბსიდირებს.

დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ სახელმწიფომ არსებული რესურსი ფერმერების ცოდნის გაღრმავებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში უნდა მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩამოთვლილი პროდუქციის გრძელვადიანი სუბსიდირება ჭარბი არასტანდარტული პროდუქტების წარმოებას გაზრდის, ასევე ბაზარზე მწარმოებლებს შორის არაკონკურენტულ გარემოს შექმნის.