LIVE

ნარინჯისფერი რთველი 2022 - რა გამოწვევები აქვთ ექსპორტიორებს

29 ოქტ 202215:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 804
ნარინჯისფერი რთველი 2022 - რა გამოწვევები აქვთ ექსპორტიორებს

2022 წლის ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა ბაზარზე არსებული პრობლემები ისევ მოუგვარებელია. მათ შორისაა, რუსეთზე დამოკიდებულება, ციტრუსის შეუსაბამო ხარისხი და სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკა.

როგორც ერთ-ერთი ექსპორტიორი კომპანიის, "აგროინვეტსერვისის" დირექტორი ვაჟა მკურნალიძე "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, სექტორის წარმომადგენლები ყოველწლიურად ნარინჯისფერ რთველს ერთი და იმავე გამოწვევებით ხვდებიან.

"გვაქვს რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რის გამოც ჩვენი დარგი ვერ ვითარდება. ესაა თითქმის 80% რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება. თანაც ლარსის გამშვებ პუნქტზე არსებული გადატვირთულობის გამო მანქანებს ხშირად 10 დღეც კი უწევთ საცობში მოცდა, ჩვენი პროდუქტი კი მალფუჭებადია და ციტრუსის ძირითადი ნაწილი, სანამ დანიშნულების ადგილას მივა, უკვე უვარგისია. ამას ემატება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების მანკიერი პრაქტიკა, რასაც მე პირადად არ მივესალმები. ანუ გამოდის, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ხდება არასტანდარტული პროდუქტის სტიმულირება და სტანდარტულს კი ხელშეწყობა საერთოდ არ აქვს. მით უმეტეს, მაშინ როცა ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ჩვენ ხელშეწყობა გვჭირდება. ამას უკვე მესამე პრობლემასთან მივყავართ და ესაა შეუსაბამო ხარისხი. პირდაპირ გეტყვით, დასავლეთში რომ გაიგზავნოს პირობითად 20 ტონა ციტრუსი, იქიდან ნახევარი უვარგისი იქნება. ელემენტარულად შეფუთვაც კი არ გაგვაჩნია, ამასთან, საქართველოში არ მოიპოვება უწყება, რომელიც ევროკავშირის ხარისხის შესაბამის სერტიფიკატს გასცემდეს", - აღნიშნავს ვაჟა მკურნალიძე.

რაც შეეხება წლევანდელ მოსავლიანობას, როგორც ვაჟა მკურნალიძე ამბობს, 2022 წლის ნარინჯისფერი რთველი შარშანდელივით წარმატებული ვერ იქნება. 

"საქმე იმაშია, რომ ზოგადად ციტრუსს ახასიათებს ე.წ. მეწლიურობა, ანუ როცა კონკრეტულ წელს განსაკუთრებით მაღალი, რეკორდული ოდენობის მოსავალი მოდის. ზუსტად ასეთი წელი გვქონდა შარშან და როგორც წესი წარმატებულ სეზონს ყოველთვის ნაკლებად მომგებიანი წელი მოსდევს. ამიტომ ველოდებით, რომ აჭარის მასშტაბით დაახლოებით 45 ათასი ტონა ციტრუსი დაიკრიფება, რასაც ემატება სამეგრელო-გურია, დაახლოებით 20 ათასი ტონა საქონლის ოდენობით. ანუ ჯამში 60-65 ათასი ტონა მოსავლის მოლოდინში ვართ", - ამბობს ვაჟა მკურნალიძე. 

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 1 კგ სამრეწველო მანდარინზე სახელმწიფო 15 თეთრის სუბსიდიას გასცემს. 5 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.