მთავრობა ენერგეტიკის სექტორის ინვესტორებს დარგის მხარდამჭერ ახალ მექანიზმს რამდენიმე კვირაში წარუდგენს.
როგორც პარლამენტში გასულ კვირაში გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA) ე.წ. CFD კონტრაქტებით ჩანაცვლდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობისას ფასის განსხვავებას დაუკომპენსირებს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, ახალი სქემის მიხედვით, გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე ჯერ აუქციონი გამოცხადდება, შემდეგ კი გამარჯვებულ კომპანიებთან ე.წ CFD კონტრაქტი გაფორმდება.
გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, აღნიშნული მექანიზმი კერძო სექტორისთვის მისაღებია, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აუქციონი სწორი პრინციპით ჩატარდეს.
„ახალ მექანიზმთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები უცნობია. თუმცა გვაქვს ინფორმაცია, რომ საწყის ეტაპზე ელექტროენერგიის ახალი სიმძლავრეების მშენებლობაზე აუქციონები გამოცხადდება და მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზევე შესაბამისი გამოცდილების კომპანია შეირჩეს, რომელიც დროულად და ეფექტურად შეძლებს ობიექტების აშენებას. მეორე ეტაპი კი უკვე ე.წ CFD კონტრაქტის გაფორმება იქნება. ეს მექანიზმი შემდეგნაირად იმუშავებს - თუ დეველოპერის მიერ ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ფასი წინასწარ გაფორმებულ ტარიფზე ნაკლები იქნება, მაშინ მთავრობა დეველოპერს ამ სხვაობას დაუკომპენსირებს. თუ პირიქით, მაღალი იქნება, მაშინ კომპანია დააბრუნებს ამ სხვაობას. ზოგადად, მსგავსი მხარდაჭერის ინსტრუმენტი მისაღებია, თუმცა აუცილებელია, რომ საბოლოო პირობები სწორად ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობამ სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე, 2017 წელს PPA ხელშეკრულებებზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ენერგეტიკის დარგში აღნიშნული მექანიზმი აღდგებოდა. თუმცა როგორც ირკვევა, მთავრობა აღნიშნული ხელშეკრულებების აღდგენას აღარ გეგმავს და მას ე.წ. CFD კონტრაქტებით ჩაანაცვლებს.