LIVE

OPEC+-ის გადაწყვეტილება ფასების ზრდისა და რეცესიის საფრთხეს ქმნის - IEA

13 ოქტ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 407
OPEC+-ის გადაწყვეტილება ფასების ზრდისა და რეცესიის საფრთხეს ქმნის - IEA

ნავთობის მოპოვების მკვეთრი შემცირების შესახებ OPEC+-ის გადაწყვეტილება ფასების ზრდას გამოიწვევს, რაც გლობალურ რეცესიაში გარდაიქმნება. ამის შესახებ განცხადებას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს (IEA). 

"OPEC+-ის მიერ ნავთობის მიწოდების მასიური შემცირება ზრდის ენერგოუსაფრთხოების რისკებს მთელ მსოფლიოში, რაც ფასებს უფრო მაღალ დონემდე ზრდის და აძლიერებს ბაზრის არასტაბილურობას. ნავთობის ფასი შეიძლება იყოს გარდამტეხი წერტილი გლობალური ეკონომიკისთვის, რომელიც უკვე რეცესიის ზღვარზეა", - ნათქვამია IEA-ს ყოველთვიურ ანგარიშში.

ეს სააგენტოს მხრიდან უჩვეულოდ მკაცრი განცხადებაა. მან მომავალი წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი დღეში 470,000 ბარელით ანუ 20%-ით შეამცირა, რაც "ძლიერ ეკონომიკურ წინააღმდეგობებს", მათ შორის, ინფლაციას და რეფინანსირების მაღალ საპროცენტო განაკვეთს უკავშირდება. 

OPEC+-ის გადაწყვეტილების შემდეგ, გასულ კვირას ნედლი ნავთობის ფიუჩერსები სწრაფად გაიზარდა. მიუხედავად მოგვიანებით ფასის კლებისა, ის მაინც $90-ზე ზევით ნარჩუნდება. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯგუფი სასტიკად გააკრიტიკა და საუდის არაბეთი რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქვეყანასთან ხანგრძლივ დიპლომატიურ ურთიერთობას გადახედავს. 

23 ქვეყნის ალიანსში შემავალი საუდის არაბეთი და სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ "უკიდურესი ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში" მიწოდების შეზღუდვა აუცილებელი იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამშაბათს გამოქვეყნებულ განახლებულ პროგნოზში აღნიშნა, რომ ყველაზე უარესი "ჯერ კიდევ წინ არის".

IEA-ის განცხადებით, გლობალური ნავთობის მოხმარება 2023 წელს დღეში 1,7 მილიონი ბარელით გაიზრდება, რაც გასული თვის პროგნოზს - 2,1 მილიონს ჩამორჩება. მიმდინარე წელს კი მოთხოვნა დღეში 1,9 მილიონი ბარელით - საშუალოდ 99,6 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. 

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია და მისი პარტნიორები გაცხადებული 2 მილიონი ბარელით შემცირების პირობას, სავარაუდოდ, მხოლოდ ნახევრად აღასრულებენ, რადგან წევრ ქვეყნებში წარმოება ისედაც ჩამორჩება სამიზნე მაჩვენებლებს. 

მიუხედავად ამისა, გლობალური მარაგი შესაძლოა, კიდევ უფრო დაზარალდეს მომდევნო თვეებში, რადგან ევროკავშირი კრძალავს რუსული ნავთობის იმპორტს. IEA-ს შეფასებით, სექტემბერში ქვეყნის ნავთობის ექსპორტი დღეში 230,000 ბარელით შემცირდა და 7,5 მილიონამდე ჩამოვიდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გრანტ სმიტი