LIVE

Twitter-ის საქმეზე ილონ მასკის წინა-სასამართლო გამოკითხვა გადაიდო

06 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 537
Twitter-ის საქმეზე ილონ მასკის წინა-სასამართლო გამოკითხვა გადაიდო

ილონ მასკისა და Twitter-ის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, დღეს ტეხასის ქალაქ ოსტინში დაგეგმილი მილიარდერის წინა-სასამართლო გამოკითხვა გადაიდო. ამის შესახებ Bloomberg საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს. 

რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა განაცხადა, რომ მზადაა, Twitter ისევ შეიძინოს და ამისთვის თავდაპირველად შეთავაზებული ფასი - აქციაში $54,20 გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სასამართლო დავას შეაჩერებს.

მიუხედავად იმისა, რომ გარიგების დასრულებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს, თითქმის ცნობილია, რომ 17 ოქტომბერს დელავერის სასამართლოში დაგეგმილი პროცესი შეჩერდება, თუმცა მოსამართლემ გუშინ განაცხადა, რომ მხარეებს საქმის შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავთ, ამიტომ 17 ოქტომბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი არ გაუქმებულა.  

Bloomberg-ის ინფორმაციით, სანამ მასკი შეთავაზების პირობებს გაასაჯაროებდა, მისმა წარმომადგენლებმა ფასის შემცირებაზე კომპანიასთან მოლაპარაკებები გამართეს, მაგრამ New York Times-ის თანახმად, დისკუსიებმა შედეგი არ გამოიღო. 

მიმდინარე წლის აპრილში ილონ მასკი Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვას დათანხმდა, რაც ნიშნავდა, რომ ინვესტორები Twitter-ის თითოეული აქციისთვის $54,20-ს მიიღებდნენ. თუმცა ივლისის დასაწყისში მან გარიგებას შეწყვეტის შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად სოციალური ქსელის მხრიდან მრავალჯერადი დარღვევები დაასახელა. 

კომპანიამ გარიგების გაწყვეტის გამო, მილიარდერს უჩივლა და შეთანხმების შესრულების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა.

Twitter-ის აქციები დღეს ნიუ-იორკში ვაჭრობაში 0.7%-ით, $51.30-მდე დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეფ ფილი