LIVE

რატომ არ ერთვებიან მეტროსადგურების რეაბილიტაციაში ქართული კომპანიები - მიზეზები

06 ოქტ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 553
რატომ არ ერთვებიან მეტროსადგურების რეაბილიტაციაში ქართული კომპანიები - მიზეზები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერების გამოცხადება დააანონსა და განაცხადა, რომ მონაწილეობის შესაძლებლობა უცხოურ კომპანიებსაც ექნებათ, რადგან "ქართული კომპანიები სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ". 

თავის მხრივ, სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლები ადგილობრივი კომპანიების მიერ მეტროსადგურების რეაბილიტაციაში მონაწილეობისგან თავის შეკავების მიზეზად კვალიფიციური კადრების დეფიციტს და ნაკლებად მიმზიდველი სატენდერო პირობებს ასახელებენ. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელი, გიორგი ბაბუნაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, სახელმწიფო ტენდერებით ნაკლებად დაინტერესება ლოგიკურია, რადგან ბაზარზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების სერიოზული დეფიციტია. 

"სამწუხაროდ ქართული კომპანიები, რომლებიც უშუალოდ მიწისქვეშა ობიექტების სამუშაოებზე არიან ორიენტირებულნი, ძალიან ცოტანი არიან. ნაწილი უკვე დაკავებულია სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ხოლო უფრო მეტი მათგანი ქვეყნიდან გასულია და მეტი ანაზღაურებაც აქვს", - აღნიშნავს გიორგი ბაბუნაშვილი. 

მიღმა კვალიფიციური კადრების დეფიციტსა, პრობლემაა სატენდერო პირობებიც. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილი თქმით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული შესყიდვები ხშირად მორგებულია ერთი კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის ინტერესებს, რის გამოც სხვა კომპანიებს პროექტში მონაწილეობის სურვილი აღარ აქვთ.

"პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტენდერში გამარჯვებული ხშირად ხდება კომპანია, რომელსაც ყველაზე ნაკლები ხარჯის გაწევა შეუძლია. შედეგად, ხარისხი პრიორიტეტული აღარ არის, რის გამოც კერძო სექტორის დიდ ნაწილს უბრალოდ აღარ უღირს პროექტში მონაწილეობა. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც გამარჯვებული კომპანიები მმართველ გუნდთან დაახლოებული პირები არიან და ცხადია, ბაზარზე უნდობლობის გაჩენას ამანაც ხელი შეუწყო. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ათეული წელია, რაც საქართველოში ეს პრობლემა გვაქვს. ზოგადად სატრანსპორტო სფეროში კვალიფიციური მუშახელი ჭირს, მაგრამ უშუალოდ მეტროსა და სხვა მიწისქვეშა სამუშაოების შემსრულებელი სპეციალიზებული კადრების დეფიციტი ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მწვავედ დგას. ამას განათლების პრობლემასთანაც მივყავართ," - ამბობს ეკა ლალიაშვილი. 

კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის 5 ოქტომბრის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად (EBRD) „თბილისის მეტროს სადგურების განახლების“ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რაც 11 მეტროსადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის ბიუჯეტი 44 მილიონი ევროა. 

"მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის ჩვენ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გვაქვს გარკვეული პრობლემები. ქართული კომპანიები ამ სამუშაოების ჩატარებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ. შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, ტენდერები გამოცხადდება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე. უცხოურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, მასში მონაწილეობა მიიღონ",- აღნიშნა კალაძემ.