LIVE

ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება - კალაძე

05 ოქტ 202211:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 892
ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება - კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახმეტელისა და ვარკეთილის მეტროს ჩასასვლელებში დამატებითი ე.წ. ტურნიკეტები დაიდგმება. მისი თქმით, ავტომატური საკონტროლო-გამშვები პუნქტების დამონტაჟების შედეგად, მგზავრთა გამტარობა 30%-ით გაიზრდება.

„პრობლემურია ვარკეთილისა და გლდანის მეტროების ჩასასვლელ-ამოსასვლელი, რომელიც პიკის საათში მგზავრების ნაკადს ვერ ატარებს. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. განსაზღვრულია პრობლემები, თუ რა იწვევს ამ ყველაფერს. ასევე განსაზღვრულია რა უნდა გაკეთდეს, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

მოკლევადიან პერიოდში მნიშვნელოვანი ე.წ. ტურნიკეტების - თანამედროვე, ავტომატური საკონტროლო-გამშვები პუნქტის პროექტის განხორციელება. ახმეტელის თეატრისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში 7 გასასვლელი გვაქვს, ხოლო ახალი ე.წ. ტურნიკეტების დამონტაჟების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა. რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ 30%-ით მეტი მგზავრი გავატაროთ. თუ დღეის მდგომარეობით თითოეულ სადგურს საათში 6 300 მგზავრის გატარება შეუძლია, ახალი ე.წ. ტურნიკეტების მოწყობის შემთხვევაში, 8 100 მგზავრზე მეტის გატარება იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, პიკის საათში აღნიშნული მეტროსადგურების ზედა ვესტიბიულებში რიგები აღარ გვექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერის განცხადებით, ამ პროექტის განხორციელებას 5-6 თვე დასჭირდება.