LIVE

თურქეთში წლიური ინფლაცია 83.5%-მდე გაიზარდა

03 ოქტ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 433
თურქეთში წლიური ინფლაცია 83.5%-მდე გაიზარდა

სექტემბერში თურქეთის წლიური ინფლაცია კიდევ დაჩქარდა და 83.5%-ს მიაღწია. ინფლაციის ეს დონე ქვეყანაში ბოლოს 1998 წლის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. 

თურქეთის სტატისტიკის სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, სექტემბრის წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 3.1% შეადგინა, რაც Bloomberg-ის ეკონომისტების პროგნოზს მცირედით ჩამორჩება, თუმცა წლიური ინფლაცია ანალიტიკოსების საშუალო ვარაუდს დაემთხვა.  

ინფლაციის დაჩქარება ცენტრალური ბანკის ექსპერიმენტული პოლიტიკით აიხსნება, რამაც უცხოელი ინვესტორები გაფანტა და ლირა გააუფასურა. 

გლობალურად ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით, თურქეთის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს, რაც ინფლაციაზე წნეხს ზრდის. ბოლო 12 თვის განმავლობაში ლირამ დოლართან მიმართებით ღირებულების 50%-ზე მეტი დაკარგა.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ივლისში გამოქვეყნებულ პროგნოზში განაცხადა, რომ ოქტომბრისთვის ინფლაცია 80%-დან 90%-მდე გაიზრდება და პიკს მიაღწევს. მთავრობის ვარაუდით, მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაცია 65%-მდე შენელდება.

თურქეთის მთავრობა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა მონეტარული პოლიტიკის შედეგია და ფასების, განსაკუთრებით, ენერგიისა და საკვების გაძვირებაში უკრაინაში მიმდინარე ომს ადანაშაულებს, მიუხედავად იმისა, რომ საბაზო ინფლაციამ გასულ თვეს 68.1% შეადგინა.

თურქეთის ექსპერიმენტული მონეტარული პოლიტიკის წყალობით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ინფლაცია 100%-ს აჭარბებს. საცალო ფასების ინდექსის მიხედვით, თურქეთის ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში, სტამბოლში გასულ წელთან შედარებით, ფასები გაორმაგდა.

მომავალი წლის ივნისში დაგეგმილი არჩევნების წინ, დაბალი შემოსავლის მქონე თურქებისთვის ინფლაციით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქების მიზნით, მთავრობამ მინიმალური ხელფასი, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ გაზარდა.

ერდოღანი წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის 12%-დან 10%-მდე შემცირებას მოითხოვს და ეკონომიკური თეორიის საპირისპიროდ, აცხადებს, რომ განაკვეთის შემცირება ინფლაციის შემცირებას ხელს შეუწყობს.

ცენტრალური ბანკი განაკვეთის დადგენის შემდეგ შეხვედრას 20 ოქტომბერს გამართავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერილ აკმანი