LIVE

ჯანდაცვის დაფინანსება ₾6.8 მილიარდამდე იზრდება - 2023 წლის ბიუჯეტი სამინისტროების მიხედვით

03 ოქტ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1288
ჯანდაცვის დაფინანსება ₾6.8 მილიარდამდე იზრდება - 2023 წლის ბიუჯეტი სამინისტროების მიხედვით

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ასიგნებები) მოცულობა 21 მლრდ 154 მლნ ლარს შეადგენს. ეს მიმდინარე წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1 მლრდ 983 მლნ ლარით მეტია.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაფინანსება.

უფრო დეტალურად, 2023 წლის ბიუჯეტი სამინისტროების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6.8 მლრდ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 771 მლნ ლარით;
  • ანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1.97 მლრდ ლარით, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 294 მლნ ლარით;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 401 მლნ ლარით;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2.97 მლრდ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 1.5 მლრდ ლარი, გრანტებში გათვალისწინებულია 13.9 მლნ ლარამდე, კრედიტებში კი გათვალისწინებულია 1.4 მლრდ ლარამდე;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 689 მლნ ლარს;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 654 მლნ ლარი;
  • ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 106 მლნ ლარს;
  • იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 369 მლნ ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 183 მლნ ლარი;
  • თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.26 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 258 მლნ ლარით აღემატება;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.07 მლრდ ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ გეგმას 205 მლნ ლარით აღემატება. დაფინანსების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია პოლიციელთა ხელფასების 20%-ით ზრდასთან. 

2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 24.3 მილიარდ ლარს შეადგენს, ეკონომიკური ზრდა კი 5%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა 16 მილიარდ ლარამდე გადასახადების აკრეფას გეგმავს.