LIVE

1000-ზე მეტი სასაფლაო დასუფთავდა - მინისტრი სოცდაუცველების დასაქმების შედეგებზე

23 სექ 202214:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 361
1000-ზე მეტი სასაფლაო დასუფთავდა - მინისტრი სოცდაუცველების დასაქმების შედეგებზე

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამამ მუნიციპალიტეტების საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახადა.

აზარაშვილმა იმ სამუშაოების მაგალითად, რომლებიც მისი შეფასებით, პირდაპირ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, საბავშვო ბაღების, პარკებისა და სასაფლაოების მოწესრიგების მაჩვენებლები მოიყვანა.

„ყოველდღიურად სუფთავდება და წესრიგდება 550-მდე საბავშვო ბაღი ქვეყნის მასშტაბით, 300-ზე მეტი სკვერი, პარკი, 160-ზე მეტი სპორტული მოედანი, ქვეყნის მასშტაბით უკვე დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500 კილომეტრამდე სანიაღვრე არხი, დასუფთავდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.  400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ, დამატებითი სამუშაო ძალა მიიღო დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე“,- აღნიშნა აზარაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში უკვე დასაქმდა 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი.

სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას აანონსებდა. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია. ამასთან, თუ ბენეფიციარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული, საქმიანობის ფორმალიზების შესაძლებლობა ეძლევა და ოჯახს 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება საარსებო შემწეობა.