
ციფრულ სამყაროში გადატრიალება მარკ ცუკერბერგს რეალურ ცხოვრებაში ძვირად დაუჯდა. Meta-ს დამფუძნებლის ქონება წელს უკვე $71 მილიარდით შემცირდა.
2022 წელი ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე თითქმის ყველა ამერიკული მეწარმისთვის მძიმეა, მაგრამ ცუკერბერგისთვის განსაკუთრებით. Bloomberg Billionaires Index-ის უმდიდრეს ადამიანებს შორის, მან ყველაზე დიდი ქონება დაკარგა.
$55,9-მილიარდიანი ქონებით ცუკერბერგი ახლა სიაში მე-20 ადგილს იკავებს, რაც მისთვის 2014 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ორ წელზე ნაკლები ხნის წინ, 38 წლის ცუკერბერგის ქონება $106 მილიარდს შეადგენდა და შედიოდა მსოფლიო მილიარდერების ელიტარულ ჯგუფში, სადაც მას მხოლოდ ჯეფ ბეზოსი და ბილ გეიტსი უსწრებდნენ. 2021 წლის სექტემბერში, როდესაც კომპანიის აქციებმა $382-ს მიაღწია, ცუკერბეგის ქონება $142 მილიარდამდე გაიზარდა. შემდეგ თვეში მან Meta წარადგინა და კომპანიის სახელი შეცვალა. მილიარდერის დაღმასვლა ამ პერიოდიდან დაიწყო.
სავალალო აღმოჩნდა კომპანიის შემოსავლების ბოლო ანგარიშები. მიმდინარე წლის დასაწყისში, როდესაც Facebook-ის ყოველთვიურ მომხმარებელთა ზრდა არ დაფიქსირდა, მისმა აქციებმა ისტორიული კოლაფსი განიცადა და ცუკერბერგის ქონება $31 მილიარდით შემცირდა, რაც სიმდიდრის ერთდღიანი კლების ერთ-ერთი რეკორდული მაჩვენებელია.
Meta-ს აქციები წელს 57%-ით შემცირდა, რაც ამერიკულ ტექნოგიგანტ კომპანიებში ყველაზე დიდი კლებაა. მაგალითისთვის, Apple-ის კლება 14%-ს, ხოლო Amazon.com-ის 26%-ს შეადგენს, ამავე დროს Google-ის აქციების ფასი 29%-ით შემცირდა.
ცუკერბერგის თითქმის მთელი სიმდიდრე უკავშირდება Meta-ს, სადაც ის 350 მილიონზე მეტ აქციას ფლობს. დღეს ნაშუადღევს ნიუ-იორკში აქციის ფასი ოდნავ შეიცვალა და $146.18 შეადგინა.
Needham & Co-ის უფროსი ინტერნეტ ანალიტიკოსი ლორა მარტინი განმარტავს, რომ Meta-მ უნდა დააბრუნოს მომხმარებლები TikTok-დან. მისივე თქმით, კომპანიას ასევე აფერხებს მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან გადაჭარბებული შემოწმება და ჩარევა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნურ დაიანა მუსტაკი