LIVE
ვიდეო
12 მაი, 2022 15:30
რუბლმა ბოლო შედეგებით ბრაზილიურ რეალს გაუსწრო
1516

კაპიტალის კონტროლი, რომელიც რუსეთმა დააწესა, რუბლს ჯერჯერობით ეხმარება, გააუმჯობესოს რიცხვებში გამოხატული შედეგები. აგრესორი ქვეყნის ვალუტამ ბოლოდროინდელი გამყარებით მიმდინარე წლის საუკეთესო შედეგი დადო, თუმცა სინამდვილეში, ეს ამონაგები ბევრს ვერავის ახეირებს.

რუსულმა რუბლმა დოლართან და ევროსთან გამყარება ოთხშაბათს განაახლა, როცა მოსკოვის საფონდო ბირჟა გაიხსნა უქმეების შემდეგ. შედეგად, ის ახლა 11%-ით არის გამყარებული დოლართან, თუკი წლის დასაწყისს შევადარებთ. აქამდე საუკეთესო შედეგი, 9%-იანი გამყარება ბრაზილიურ რეალს ჰქონდა იმ 31 ძირითად ვალუტას შორის, რომელსაც Bloomberg მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს. 

ტაბლოზე რუბლის შედეგების გაუმჯობესების მიზეზი არაერთია. მათ შორის, კრემლის მიერ ვალუტის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯები მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. ყველაზე გამორჩეული წვლილი რუბლის გამყარებაში მაინც კაპიტალზე დაწესებულ კონტროლს აქვს. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ ადგილობრივი ექსპორტიორები აიძულა გაეყიდათ უცხოური ვალუტა, ხოლო მეორე მხრივ, ბუნებრივი გაზის საფასურის რუბლში გადახდასაც მოითხოვს არამეგობრული თუ მეგობრული ქვეყნებისგან.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუბლის გამყარების ეს ტენდენცია პერსპექტივაში მდგრადი არ არის, რამდენადაც არაერთმა ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურმა შეწყვიტა რუბლით ვაჭრობა იმ მიზეზის გამო, რომ მისი ღირებულება ციფრულ მონიტორზე სულაც არ არის თანხვედრაში მის რეალურ ღირებულებასთან -  ანუ იმ ფასთან, რა ფასადაც რუბლი შეიძლება გაიყიდოს რეალურ სამყაროში.

თუმცა, რუბლის ბოლოდროინდელი შედეგები უკრაინაში რუსეთის ომის პარალელურად, ირონიულია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებმა, ვინც ახლო წარსულში ასევე მიმართეს კაპიტალის კონტროლს, ანალოგიური შედეგების მიღწევა ვერ შეძლეს. მაგალითად, თურქეთმა და არგენტინამ. ორივე ქვეყანამ გაატარა ანალოგიური ზომები გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა ამან ლირასთვის და პასოსთვის კატასტროფული შედეგები მოიტანა. ორივე ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და აღდგენა ვეღარ შეძლო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევისონ სანტანა

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ