LIVE
ვიდეო
15 ნოე, 2021 20:30
ლარის სესხები მომდევნო 8 თვეში არ გაიაფდება - საბანკო სექტორის მოლოდინები
275

ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და საბანკო სექტორი ამ მიმართულებით საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას მომავალი წლის მეორე ნახევრამდე არ ელის.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გარდა, ეროვნული ვალუტის სესხების ფასს გაზრდილი რისკიანობაც განაპირობებს.

კერძოდ, 2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული ბიზნეს სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ლარის მსხვილ ბიზნეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 13.4% შეადგინა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი 13.8%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს, ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთმა სექტემბერში 12% შეადგინა, ხოლო საცალო სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი მცირედით, 18.2%-მდე გაიზარდა.

საბანკო სექტორი ელის, რომ მომდევნო თვეებში ლარში საპროცენტო განაკვეთები დასტაბილურდება, თუმცა განაკვეთების არსებითი შემცირება მომავალი წლის ზაფხულამდე მოსალოდნელი არაა. სექტორი ლარის სესხების გაიაფების მთავარ წინაპირობად ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ასახელებს.

„არსებობს წინაპირობები, რომ ლარის სესხებზე განაკვეთი შემცირდეს, თუმცა ეს მომავალი წლის ბოლოსკენაა მოსალოდნელი. გარდა რეფინანსირების განაკვეთისა, ლარის სესხების ფასზე გავლენა აქვს არსებულ მაღალ გაურკვევლობასაც. მომავალი წლიდან მოსალოდნელია ერთი მხრივ, მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად, რისკიანობის კლება. შესაბამისად, ველით, რომ ლარის სესხებზე განაკვეთების კლება 2022 წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, საბანკო სექტორში უმოქმედო სესხების წილი მცირდება. კერძოდ, მესამე კვარტალში უმოქმედო სესხების წილი ბიზნეს სესხებში 7%-მდე შემცირდა. 5% და 6%-მდეა შემცირებული უმოქმედო სესხების წილი იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებში.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ