LIVE
ვიდეო
04 ნოე, 2021 15:55
მისო-ების ₾79 მილიონიანი მოგების 42% ერთ კომპანიაზე მოდის
1152

მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები უმჯობესდება. სექტორმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალი 78.7 მლნ ლარის მოგებით დაასრულა.

თუმცა მოგების 42%, ანუ 33 მლნ ლარზე მეტი, კვლავ ერთ კომპანიაზე, „რიკო ექსპრესზე“ მოდის, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სალომბარდე სესხები წარმოადგენს.

პარალელურად, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია იმ კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებიც, რომელთა ძირითადი მიმართულება მცირე ბიზნესის დაკრედიტებაა. მომგებიანობის ზრდის მთავარ ფაქტორებად მისოებში შედარებით დასტაბილურებულ ლარს, საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და ვადაგადაცილებული სესხების წილის შემცირებას ასახელებენ.

„უკვე რამდენიმე კვარტალია, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოგებას აჩვენებენ. გაუმჯობესებულია პორტფელების ხარისხი და სესხების მოცულობის ზრდაც სახეზეა. აღსანიშნავია, რომ ვადაგადაცილებული სესხების წილი მცირდება და ეს მაჩვენებელი უკვე ახლოსაა 2019 წლის დეკემბრის დონესთან“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ MBC-ის დამფუძნებელმა, გია პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ამ დრომდე რჩება სალომბარდე სესხები. კერძოდ, სექტორის მიერ ჯამურად გაცემული 1.33 მლრდ მოცულობის სესხებიდან სალომბარდე სესხების მოცულობა 636 მლნ ლარს აღემატება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ