LIVE
ვიდეო
11 ოქტ, 2021 18:40
რა აფერხებს ლარიზაციას - Fitch-ის შეფასება
959

საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ ქართულ საფინანსო სექტორში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის შემცირება გრძელვადიანი პროცესია.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საბანკო სექტორში ეროვნული ვალუტის წილის ზრდას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. მათ შორის სახელდება ლარსა და უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის მზარდი სხვაობა და ლარის არასტაბილურობა.

ეროვნული და უცხოური ვალუტის სესხების განაკვეთებს შორის სხვაობა კი პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. კერძოდ, ამ დროისთვის ლარის სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 18%-ს სცდება. უცხოურ ვალუტაში კი საშუალო საპროცენტო განაკვეთი 6.5%-ს შეადგენს. ბოლო პერიოდში ლარის სესხების გაძვირება ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ გამოიწვია.

„დედოლარიზაციის პროცესის შენელება მაღალი ინფლაციის ფონზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ გამოიწვია. თუმცა ბოლო მონაცემებით, ლარიზაციის მაჩვენებელი როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების ნაწილში უკვე გაუმჯობესებულია. მოსალოდნელია, რომ არსებული ვითარების ფონზე, ეროვნულ ბანკს კვლავ მოუწევს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რაც სესხების მიმართულებით დედოლარიზაციის პროცესს შეაფერხებს“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, საბანკო სექტორში სესხების 52% უცხოურ ვალუტაშია განთავსებული, დეპოზიტების ნაწილში კი ეს მაჩვენებელი კვლავ შედარებით მაღალ ნიშნულზე, 60%-ზე ნარჩუნდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ