LIVE
ვიდეო
30 სექ, 2021 20:25
ბანკების ნაცვლად მევახშეები - ბიზნესი კერძო გამსესხებლებს ირჩევს
1764

კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო გამსესხებლებს, ანუ მევახშეებს შორის კონკურენცია იზრდება. „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის აიეტ კუკავას შეფასებით, ხშირ შემთხვევაში კერძო გამსესხებლები გაცილებით უკეთეს პირობებს და სერვის სთავაზობენ ფინანსური რესურსის მაძიებელ კომპანიებს, ვიდრე ბანკები და ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

„ეროვნული ბანკი ვერ ხედავს, რომ ფინანსური რესურსის დეფიციტის პირობებში ბევრი კომპანია მიდის და კერძო გამსესხებლებისგან სესხულობენ ფულს. ოფიციალური სტატისტიკით კომპანიის ბალანსზე დაფიქსირებული სესხის მოცულობა რეალობას ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება. რეალური ვალი 1.5-ჯერ ან 2-ჯერ მეტია. ჩრდილში გადასული ეს დაფინანსებები ეროვნული ბანკის კონტროლს მიღმა რჩება. კომერციული ბანკიდან სესხი რომ აიღო გჭირდება ორჯერ მეტი გირაო, ბიზნესგეგმა, მთელი რიგი გამკაცრებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა კი უკვე 20%-ს გადააჭარბა ლარში. შექმნილ სიტუაციაში, კომპანიას ურჩევნია 25%-ში აიღოს სესხი დოლარში, თუნდაც 50 ათასი, იმიტომ რომ 200 ათას ლარს ქვემოთ ლარში სესხს არ იძლევიან“,- განაცხადა კუკავამ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში.

კუკავას მოსაზრებით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა დათვურ სამსახურს უწევს კომერციულ ბანკებს და ახალისებს მათ კონკურენტებს, კერძო მსესხებლებსა და მევახშეებს.

მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი სწორი გამოსავალი, კაპიტალის ბაზრის განვითარებაა და ამისათვის აუცილებელია, რომ ეროვნულ ბანკს კაპიტალის ბაზრის ზედამხედველისა და კურატორის ფუნქცია ჩამოერთვას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, არაფინანსურ კომპანიებს საქართველოში პანდემიის პირობებში ვალის ტვირთი გაეზარდათ.

ეროვნული ბანკის შეფასებით, ეს საფრთხის შემცველია ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვისაც, ვინაიდან კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს ვალდებულებების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში აქვთ. მათი მთლიანი ვალის დოლარიზაცია კი დაახლოებით 75%-ია.

ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ თუ კომპანიების შემოსავლები დროულად ვერ აღდგება, მათ ვალის მომსახურება გაუჭირდებათ, რაც რიგ შემთხვევებში, შესაძლოა მათი გადახდის უუნარობით, ანუ დეფოლტით დასრულდეს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ