LIVE
ვიდეო
22 სექ, 2021 21:00
მსესხებლების 13%-ს ვადაგადაცილება აქვს - კრედიტინფო
1071

საფინანსო სექტორში მსესხებლების თითქმის 13%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება. “კრედიტინფოს” მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, კომერციული ბანკების მსესხებლების 10%-ს 30 და მეტი დღის ვადაგადაცილება აქვს. კერძოდ, საბანკო სექტორის 1.5 მლნ მომხმარებლიდან 160 ათასზე მეტ მსესხებელს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

შედარებით მაღალი, ჯამურად 18%-ია ვადაგადაცილებების წილი სხვა საფინანსო ორგანიზაციებში, მათ შორის მიკროსაფინანსოებსა და ლომბარდებში. ამ სექტორში 558 ათასი მსესხებლიდან 100 ათასზე მეტ მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე პერიოდის ფარგლებში ვადაგადაცილება უფიქსირდება. ჯამურად კი საფინანსო სექტორში მსესხებლების 12,8%-ს აქვს ვადაგადაცილება.

საფინანსო სექტორში ვადაგადაცილებებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას სპეციალისტები პანდემიის გამო გაზრდილი უმუშევრობით და ასევე საპროცენტო განაკვეთების ზრდით ხსნიან. 

„ბოლო პერიოდში საპროცენტო განაკვეთები როგორც კომერციულ ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გაზრდილია. ეს კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მსესხებლებს შედარებით გაუჭირდათ ვალდებულებების მომსახურება. თუმცა მთლიანობაში საბანკო სექტორის პორტფელის ხარისხი კვლავ ჯანსაღია. ვადაგადაცილებების წილი არასაბანკო სექტორში უფრო მაღალია და ეს ბუნებრივია, რადგან მსგავსი კრედიტები როგორც წესი კიდევ უფრო მაღალრისკიანია“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა, დავით კიკვიძემ.

ცნობისთვის, “კრედიტინფოს” ბაზაში მხოლოდ 3 მლნ ლარამდე მოცულობის სესხების შესახებაა ინფორმაცია მოყვანილი. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მონაცემებს უმოქმედო სესხებთან დაკავშირებით, მარეგულირებლის ინფორმაციით, მსგავსი სესხების მოცულობა საბანკო სექტორში ბოლო თვეების განმავლობაში 8.5%-დან 6.7%-მდე შემცირდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ