საფინანსო ბაზარზე მომავალი წლიდან ახალი მოთამაშეები, მიკრობანკები გაჩნდებიან. ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი კანონპროექტი უკვე მოამზადა და საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში განსახილველად მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე შევა.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს, ახალი საფინანსო ორგანიზაციებისთვის კაპიტალის მოთხოვნა 10 მლნ ლარი იქნება. სანაცვლოდ კი მიკრობანკები დეპოზიტების მოზიდვას და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემას შეძლებენ.
კერძოდ, მიკროსაფინანსოებისთვის დადგენილი დღეს არსებული 100 ათას ლარიანი ლიმიტის ნაცვლად, მიკრობანკებს 1 მლნ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემის უფლება ექნებათ. ამასთან, მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად საფინანსო ორგანიზაციის სასესხო პორტფელის 70% ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული კრედიტები უნდა იყოს.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშეების გაჩენამ ბაზარზე კონკურენცია უნდა გაზარდოს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით.
„სესხის გაცემის ლიმიტი 100 ათასიდან მილიონ ლარამდე იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიკრობანკები მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას და ასევე სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემას შეძლებენ. ველოდებით, რომ ამ რეფორმით ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება და ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება. იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შესაბამის ლიცენზიას აიღებენ, წვდომა გაეხსნებათ დეპოზიტებზე და ლარის დაფინანსების სხვადასხვა წყაროზეც“,- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.
ეროვნულ ბანკში ელიან, რომ მიკრობანკების ლიცენზია უკვე მომავალი წლის განმავლობაში ამოქმედდება. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე შესაბამისი ლიცენზიის პირობების დაკმაყოფილებას სავარაუდოდ, 3-4 მიკროსაფინსო ორგანიზაცია შეძლებს.