LIVE
ვიდეო
17 სექ, 2021 16:45
იპოთეკური სესხების პროცენტი შეიძლება ფიქსირებული გახდეს - კანონპროექტი უკვე მზადაა
1122

ეროვნული ბანკი იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების, ე.წ. ქავერდ ბონდების კანონპროექტის პარლამენტში წარსადგენად ემზადება. როგორც „ბიზნეს ფორმულას" ეთერში ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე სხირტლაძემ განაცხადა, კანონპროექტი საბანკო სექტორთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, სარეიტინგო კომპანიებთან ერთად მომზადდა და მისი განხილვა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მოხდება. 

სხირტლაძის განმარტებით, კომერციული ბანკებისათვის ქავერდ ბონდი იქნება ლიკვიდობისა და დამატებითი იაფი დაფინანსების მოძიების საშუალება.

„მოლოდინი არის, რომ ეს ინსტრუმენტი თავდაპირველად ჩაანაცვლებს სესხების პორტფელების უზრუნველყოფას. ეს ინსტრუმენტი გათვლილია არა მარტო ლარზე, არამედ უცხოური ვალუტის ობლიგაციების ემისიაზეც. ბანკისთვის ქავერდ ბონდი იქნება ლიკვიდობის და დამატებითი იაფი დაფინანსების მოძიების საშუალება. რეფინანსირებისთვის თუკი აქამდე ბანკი სესხების პორტფელს წარადგენდა ეროვნულ ბანკში უზრუნველყოფის სახით, ეს უზრუნველყოფა ჩანაცვლდება ქავერდ ბონდებით, რომელიც არის უფრო ლიკვიდური საბაზრო პროდუქტი. ის უფრო მიმზიდველია გარე ინვესტორებისათვისაც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი რესურსი ბანკებისთვის, რომ მიიღონ ლიკვიდობა“,-აცხადებს სხირტლაძე.

მისი განმარტებით, ამ საბანკო ინსტრუმენტს ექნება პირდაპირი გავლენა ბანკების მომხმარებლებზეც.

„დღეს საქართველოში ლარის იპოთეკური სესხების უდიდესი ნაწილი არის ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე და ასეთ შემთხვევაში საპროცენტო რისკი გადადის მსესხებელზე. თუ მოხდება ისე, რომ ლარის გრძელვადიანი დაფინანსება და მისი წილი გაიზრდება ფიქსირებული განაკვეთით, ეს ხელს შეუწყობს ფიქსირებული ტიპის სასესხო ინსტრუმენტების განვითარებას. ანუ შესაძლებელია, რომ თუკი ქავერდ ბონდები აქტიურად იქნება გამოყენებული საბანკო სექტორის მიერ, იპოთეკური სესხის განაკვეთი მიებას არა რეფინანსირების განაკვეთს, არამედ ქავერდ ბონდების განაკვეთს“,- განმარტავს სხირტლაძე.

ქავერდ ბონდების ემისია შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით და ამას საკანონმდებლო ჩარჩო განსაზღვრავს. მოსალოდნელია, რომ ამ ინსტრუმენტით თავდაპირველად მხოლოდ მსხვილი კომერციული ბანკები ისარგებლებენ. თუმცა, კანონპროექტი ითვალისწინებს ე.წ. აგრეგაციის შესაძლებლობასაც, ანუ რამდენიმე მცირე ბანკს შეეძლება ქავერდ ბონდის ერთობლივი ემისია. სხირტლაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ ეს ინსტრუმენტი საინტრესო იყოს საპენსიო სააგენტოსთვის, რათა მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსი აღნიშნულ ბონდებში იქნას დააბანდებული.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ