ვიდეო
13 სექ, 2021 15:30
მისოებმა მეორე კვარტალი 58 მლნ ლარის მოგებით დაასრულეს
105

მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები უმჯობესდება. სექტორმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალი 58 მლნ ლარის მოგებით დაასრულა.

მოგების დაახლოებით მესამედი, ანუ 21 მლნ ლარზე მეტი, ერთ კომპანიაზე, „რიკო ექსპრესზე“ მოდის, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სალომბარდე სესხები წარმოადგენს. თუმცა პარალელურად, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია იმ კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებიც, რომელთა ძირითადი მიმართულება მცირე ბიზნესის დაკრედიტებაა.

ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესების მთავარ ფაქტორებად კომპანიებში შედარებით დასტაბილურებულ ლარს, საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და ასევე იმ გარემოებას ასახელებენ, რომ მისოებს წელს დამატებით რეზერვების გაკეთება აღარ მოუწიათ.

თუმცა როგორც ირკვევა, სექტორი მიმდინარე წლიდან ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, რაც გაძვირებულ ფინანსურ რესურსს უკავშირდება. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო, კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორებისგან და კომერციული ბანკებისგან მოსაზიდი რესურსი გაუძვირდათ.

„შარშანდელ პერიოდთან შედარებით ლარი დასტაბილურდა, ასევე მცირდება პრობლემური სესხების წილიც. ამ ფაქტორებმა ჯამურად გამოიწვია სექტორის გაზრდილი მომგებიანობა და უკვე მივუახლოვდით 2019 წლის მაჩვენებლებს. თუმცა პრობლემაა გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი, რის გამოც ჩვენ გვიძვირდება მოსაზიდი სახსრების ღირებულება. ამ ფასს კი პირდაპირ ვერ ავსახავთ საპროცენტო განაკვეთებში, რაც ბუნებრივია უარყოფითად აისახება ჩვენს მომგებიანობაზე“,- განაცხადა MBC-ის დამფუძნებელმა, გია პეტრიაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ბაზარზე სულ 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს. სექტორის მიერ გაცემული ჯამური სესხების მოცულობა კი მილიარდ 300 მლნ ლარს აჭარბებს.  

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ