LIVE
ვიდეო
01 ივლ, 2021 16:00
ბანკები უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარგებლის შემცირებას ელიან
649

საბანკო სექტორში უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარგებლის შემცირებას ელიან. მიზეზი კომერციული ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესში შეტანილი ცვლილებებია.

როგორც საბანკო ასოციაციაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, ლარიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდის განმავლობაში სავალუტო ანაბრებზე ისედაც შემცირებული იყო განაკვეთი, ახალი წესის გამო კი მოსალოდნელია, რომ უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე სარგებლის კლების ტენდენცია გაგრძელდება.

„დედოლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში სავალუტო ანაბრებზე სარგებელი მცირდებოდა. ახალი წესის მიზანია, რომ ლარის დეპოზიტები წახალისდეს. შესაბამისად, რაც უფრო მაღალი იქნება კომერციულ ბანკებში დეპოზიტების ლარიზაცია, მით უფრო ნაკლები მოცულობის რეზერვის დაცვა მოუწევს საფინანსო ორგანიზაციას. ეს კი ეროვნულ ვალუტასა და სავალუტო დეპოზიტებზე არსებულ განაკვეთებს შორის განსხვავებას კიდევ უფრო გაზრდის“,- განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, 6 ივლისიდან კომერციული ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების დაცვის ახალი წესი შედის ძალაში. კერძოდ, ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. ამ ცვლილებების მიზანი ანაბრებში ეროვნული ვალუტის წილის ზრდაა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ