LIVE
ვიდეო
18 მაი, 2021 15:30
მიკროსაფინანსოებმა პირველი კვარტალი 23 მილიონიანი მოგებით დაასრულეს
1254

მიკროსაფინანსო სექტორმა მიმდინარე წელი მოგებით დაიწყო და პირველ კვარტალში კომპანიები ჯამურად 23 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ.

თუმცა სექტორის მთავარ სეგმენტად კვლავ რჩება სალომბარდე სესხები და მოგების დიდი ნაწილიც სწორედ ამ მიმართულების კომპანიებზე მოდის. ამასთან, მთლიანი საკრედიტო პორტფელიდან, 1.25 მლრდ ლარიდან, დიდი ნაწილი, 568 მლნ ლარი სწორედ სალომბარდე სესხებზე მოდის.

გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია იმ კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებიც, რომელთა ძირითადი მიმართულება მცირე ბიზნესის დაკრედიტებაა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში აცხადებენ, რომ პირველი კვარტლის შედეგები დამაიმედებელია. ამასთან, ასოციაციაში იმ მიზეზებზეც საუბრობენ, რის გამოც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში სალომბარდე სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა.

„შარშან ეროვნულმა ბანკმა ვადაგადაცილებულ სესხებზე დამატებითი რეზერვების შექმნა მოგვთხოვა. რის გამოც პრაქტიკულად ყველა კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა მცირე ბიზნესის და აგროდაკრედიტება იყო, ზარალზე გავიდა. თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისის შედეგები დამაიმედებელია, ასევე შეიმჩნევა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის კლებაც. რაც შეეხება სალომბარდე სესხებს, იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობას შემოსავლები შეუმცირდა, ბუნებრივია გაიზარდა მოთხოვნა ისეთ სესხებზე, რომლის უზრუნველყოფაცაა შესაძლებელი. შესაბამისად, იზრდება იმ კომპანიების მოგებაც, რომლების ძირითადი საქმიანობა სალომბარდე სესხებია“, - განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბესო შენგელიამ.

ცნობისთვის, მიკროსფინანსო სექტორში ამჟამად 39 კომპანია ოპერირებს. ბოლო წლების განმავლობაში მისოების რაოდენობა თითქმის განახევრებულია, რისი მიზეზიც სექტორისთვის დაწესებული კაპიტალის დამატებითი მოთხოვნები და სხვა რეგულაციებია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ