მიმდინარე წლის მარტში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ჯამურმა მოგებამ 166 მლნ ლარს გადააჭარბა, შედეგად კი საბანკო სექტორმა, რომელიც 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, პირველი კვარტალი 412 მლნ ლარის მოგებით დაასრულა.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მოსალოდნელია, რომ ბანკებს დამატებითი რეზერვების გაკეთება აღარ მოუწევთ და სექტორი მიმდინარე წელს მოგებით დაასრულებს.
„ბანკებს წელს დამატებითი დანაკარგების აღიარება აღარ მოუწევთ, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ სექტორი მიმდინარე წელს მოგებით დაასრულებს. რაც შეეხება დაკრედიტების ზრდის ტემპის კლებას, ეს ერთი მხრივ განპირობებულია იმით, რომ კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყანაში მოთხოვნის ვარდნაა. მეორე მხრივ, ამაზე აისახება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რაც ავტომატურად იწვევს სესხებზე მოთხოვნის ვარდნას“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.
შეგახსენებთ, 2020 წლის პირველ კვარტალში ბანკები 747 მლნ ლარის ზარალზე გავიდნენ, რისი მიზეზიც მათ მიერ სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის გაკეთებული 1.2 მლრდ ლარის რეზერვები იყო. შედეგად, 2020 წელს საბანკო სექტორის მომგებიანობა მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და სექტორმა წელი 100 მლნ ლარამდე მოცულობის მოგებით დაასრულა.