LIVE
ვიდეო
23 აპრ, 2021 18:40
ეროვნული ბანკი ლარიზაციის დასაჩქარებლად ახალ ინსტრუმენტებზე მუშაობს
724

ეროვნული ბანკი ლარიზაციის ხელშესაწყობად ახალ ინსტრუმენტებს ამზადებს. ამჯერად საუბარია დეპოზიტების ლარიზაციაზე. მარეგულირებელში ამბობენ, რომ ანაბრების მიმართულებით დედოლარიზაცია შედარებით ნელი ტემპებით მიმდინარეობს და ამ პროცესის დაჩქარებაა საჭიროა.

ჯერჯერობით, ეროვნულ ბანკში არ აკონკრეტებენ, რა მექანიზმები განიხილება დეპოზიტების ლარიზაციის მიმართულებით. თუმცა როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი „ბიზნეს ფორმულასთან“ განმარტავს, ეს არა შეზღუდვები, არამედ წამახალისებელი მექანიზმები იქნება. აღნიშნულ საკითხზე მარეგულირებელი კონსულტაციებს "საერთაშორისო სავალუტო ფონდთან" გადის.

რაც შეეხება სესხების ლარიზაციას, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმება, არც შერბილების და არც გამკაცრების მიმართულებით.

„მოლოდინი გვქონდა, რომ სესხების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები გამოიწვევდა, ანაბრების ნაწილშიც ლარიზაციას. ნაწილობრივ ეს ასეც მოხდა, თუმცა ჩვენი და სავალუტო ფონდის საერთო მოსაზრებაა, რომ დეპოზიტების მხარესაც ლარიზაციის ღონისძიებები სასარგებლო იქნება და ამ ეტაპზე რამდენიმე ინსტრუმენტს განვიხილავთ. საუბარია არაა შეზღუდვებზე, ეს უფრო წამახალისებელი ზომები იქნება“,- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში დედოლარიზაციის ღონისძიებების აქტიურად გატარება 2017 წლიდან დაიწყო, რამაც საბანკო სექტორში ლარიზაცია ეტაპობრივად გაზარდა. თუმცა დეპოზიტების მიმართულებით დოლარიზაციის წილი კვლავ მაღალია და ამ დროისთვის დეპოზიტების დაახლოებით 63% დოლარშია განთავსებული. სესხებში კი ეს მაჩვენებელი 55%-ს შეადგენს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ