ვიდეო
05 აპრ, 2021 16:30
უმოქმედო სესხების წილი გაიზარდა
117

საბანკო სექტორში უმოქმედო სესხების წილი 8.4%-მდე გაიზარდა, რაც პანდემიამდელ ნიშნულს თითქმის ორჯერ აღემატება. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ძირითადად პრობლემური აღმოჩნდა კრიზისით ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორის, ტურიზმის დარგზე გაცემული სესხები.

სებ-ში აცხადებენ, რომ უმოქმედო სესხებთან დაკავშირებით პროგნოზები არ შეცვლილა და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე მსგავსი სესხების წილი მთლიან პორტფელთან მიმართებაში 10%-ს არ გადააჭარბებს.

რაც შეეხება საკითხს, გადავადდება თუ არა კიდევ ერთხელ ბიზნესისა და მოსახლეობისთვის საბანკო ვალდებულებები, საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ სექტორი მორიგ ჯერზე სესხების საყოველთაო გადავადების საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა ბანკები მზად არიან, რესტრუქტურიზაციის საკითხი ინდივიდუალურად განიხილონ.

„შოკურმა მდგომარეობამ გარკვეულწილად გადაიარა და კომპანიები და მოსახლეობა ადაპტირების რეჟიმში გადადიან. საკმაოდ მძიმე წელი გველის და შესაძლოა, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა კიდევ გაიზარდოს, თუმცა ამ მაჩვენებლის კრიტიკულ ნიშნულამდე ზრდას არ ველით. საბანკო სისტემა მზადაა, რომ მორიგ რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნა ინდივიდუალურად განიხილოს. მუდმივად მიმდინარეობს საკრედიტო პორტფელის მონიტორინგი“,- განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, სესხების შესაძლო დანაკარგების გამო ბანკებმა ჯერ კიდევ გასულ წელს, მარტში 1.2 მლრდ ლარის მოცულობის რეზერვები შექმნეს. საბანკო სექტორმა პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას და ბიზნესს საბანკო ვალდებულებები სამჯერ გადაუვადა, თუმცა რიგ შემთხვევაში სესხის ვადის გაგრძელების გამო მსესხებლებს ვალდებულებების მომსახურება გაუძვირდათ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ