LIVE
ვიდეო
18 დეკ, 2023 13:10
მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები სოლიდურ საჩუქრებს ხშირად იღებენ - IDFI-ს კვლევა
460

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონიტორინგის შედეგად, მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 53 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, ჭარბობენ ბორჯომის (4 შემთხვევა), ფოთის (3 შემთხვევა), ოზურგეთის (3 შემთხვევა) და თბილისის (3 შემთხვევა) მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები.

თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში თანამდებობის პირები სოლიდური ღირებულების საჩუქრებს ხშირად იღებდნენ. როგორც IDFI-ს კვლევიდან ირკვევა, 2020-2022 წლებში მუნიციპალიტეტების 224-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება 9.8 მილიონ ლარია. უფრო დეტალურად, 2020-2022 წლებში თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს 4.8 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 4.5 მილიონი ლარის საჩუქარი -  უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 472 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები წარმოადგენს ავტომობილებს ან სხვადასხვა ფასიან ნივთებს.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, შემდეგ მოდის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას. ამასთან, კვლევაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს არაერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებული საჩუქრის კანონიერების დასადგენად, დამატებითი მოკვლევის ჩასატარებლად. 

"კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია საჩუქრის მიმღები თანამდებობის პირის და საჩუქრის გამცემი პირის კავშირებთან,  საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების ბუნდოვან წარმომავლობასთან და სხვა, აჩენს ეჭვებს მთელი რიგი შემთხვევების კანონიერებასთან დაკავშირებით, ამასთან განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს კვლევაში განხილული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების შემთხვევა, რომელიც სავარაუდო კორუფციული ან/და სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს",- აღნიშნულია კვლევაში.

IDFI მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, შეისწავლონ გამოვლენილი საეჭვო შემთხვევები, ამასთან, კანონმდებლობაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრების მიერ საჩუქრის მიღების წესების მკაფიო რეგულირებას და აღსრულებისთვის შესაბამისი მექანიზმების არსებობას.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ