ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, სალომე ლოლუას თქმით, ახალი მიდგომით, მშობიარობის დაფინანსებაში ექიმის კუთვნილი თანხა 120 ლარია, რომელიც იბეგრება და რეალურად ოპერაციის გაკეთება მეან-გინეკოლოგებს 90 ლარად უწევთ.
როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 1 222 ლარიდან 1 100 ლარის კლინიკის პირდაპირი ხარჯი და მოგებაა შესაბამისად, მეან-გინეკოლოგებს მუშაობა მიზერულ თანხაზე უწევთ.
„თუ ჩვეულებრივ სამშობიარო შემთხვევას განვიხილავთ, გვაქვს კალკულაცია, როგორ ხდება 1 222 ლარიდან ჩაშლა. აქ შედის მედ პერსონალის თანხა, ანესთეზიოლოგის ანაზღაურება და მედიკამენტის ღირებულება, რაც 160-დან 200 ლარამდე ჯდება. მას ემატება პროცესში მონაწილე ბებიაქალის, ექთნისა და სანიტრის ანაზღაურება. ახალშობილს ნეონატოლოგიური მომსახურება სჭირდება, ამასთან სამი დღის განმავლობაში პაციენტს რუტინული კვლევები უტარდება, რასაც თან ერთვის დედის კვება და მედიკამენტოზური მხარდაჭერა. საბოლოოდ, თუ საშუალო არითმეტიკულს გამოვიყვანთ, 1 100 ლარი კლინიკის პირდაპირი, არაპირდაპირი ხარჯი და მოგებაა. შესაბამისად, 120 ლარი რჩება მხოლოდ მეან-გინეკოლოგს, თუმცა ეს 120 ლარიც იბეგრება“,- აცხადებს ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, გადაიხედოს კალკულაცია და დაფინანსების თანხა გაიზარდოს.
ცნობისთვის, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემა ამოქმედდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, 1222 ლარით დაფინანსდება. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პერსონალური ექიმის აყვანის შესაძლებლობა გაუქმდა და ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს, ან საკეისრო კვეთა გაიკეთოს მორიგე ბრიგადაში. კანონდარღვევის შემთხვევაში, პაციენტი DRG სისტემიდან ჩაიხსნება და სრული ხარჯის დაფარვა თავად მოუწევს. ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა ბევრი სამშობიარო კლინიკა დაიხუროს, რადგან შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 1222 ლარია. ამასთან, გართულების შემთხვევაში სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირ ფინანსურ პასუხისმგებლობაზე. რეფორმას უკვე მოჰყვა კლინიკა "ლიდერმედის“ სამშობიარო განყოფილების გაუქმება. კლინიკის განცხადებით, სამშობიარო განყოფილება 2023 წლის 25 დეკემბრიდან პაციენტების მიღებას, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებას წყვეტს.