LIVE

ლიდერმედი: 1 იანვრიდან სამშობიარო განყოფილება მუშაობას წყვეტს

12 დეკ 202316:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 620
ლიდერმედი: 1 იანვრიდან სამშობიარო განყოფილება მუშაობას წყვეტს

კლინიკა "ლიდერმედის“ სამშობიარო განყოფილება 2023 წლის 25 დეკემბრიდან პაციენტების მიღებას, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული. 

კლინიკის განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზი დაკონკრეტებული არაა, თუმცა როგორც "ბიზნეს ფორმულასთვის" გახდა ცნობილი, აღნიშნული გადაწყვეტილება მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემის ამოქმედებას უკავშირდება.

კლინიკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგესალმებით, გვინდა გაცნობოთ იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა კლინიკა ლიდერმედის ადმინისტრაციის მხრიდან. 2023 წლის 25 დეკემბრიდან კლინიკა ლიდერმედის სამშობიარო განყოფილება წყვეტს პაციენტების მიღებას, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირებას.

ორსულთა მოვლის ( ანტენატალური მეთვალყურეობის) განყოფილება მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში. კლინიკა ლიდერმედის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამშობიარო განყოფილებაში დასაქმებულ თითოეულ პერსონალს გაწეული შრომისთვის“,- აცხადებენ "ლიდერმედში".

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად დაფინანსდება. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პერსონალური ექიმის აყვანის შესაძლებლობა გაუქმდა და ყველა ორსული ვალდებულია იმშობიაროს, ან საკეისრო კვეთა გაიკეთოს მორიგე ბრიგადაში. კანონდარღვევის შემთხვევაში, პაციენტი DRG სისტემიდან ჩაიხსნება და სრული ხარჯის დაფარვა თავად მოუწევს.

ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა ბევრი სამშობიარო კლინიკა დაიხუროს, რადგან შიდა სტანდარტით გადახდის შემთხვევაში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა გაცილებით უფრო მეტი ღირს, ვიდრე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული 1222 ლარია. ამასთან, გართულების შემთხვევაში სახელმწიფო უარს ამბობს ყველანაირ ფინანსურ პასუხისმგებლობაზე.