LIVE
ვიდეო
07 დეკ, 2023 15:05
გამონაბოლქვის გამო 2600-მდე მძღოლი დაჯარიმდა - როგორ მუშაობს რეგულაცია?
482

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  4 სექტემბრიდან - 6 დეკემბრამდე პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ჯამში 2 600-მდე მძღოლი დააჯარიმეს.

კანონმდებლობის ინიციატორი ორგანიზაცია, "ჩემი ქალაქი მკლავს" აცხადებს, რომ რეფორმის უკეთ ასამუშავებლად და კანონდამრღვევთან გამოსავლენად, ორი მთავარი მიმართულება უნდა გაძლიერდეს: გაიზარდოს ზედამხედველობის ეკიპაჟების რაოდენობა და გამკაცრდეს ავტომობილთა ტექდათვალიერება.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ათი ეკიპაჟი მუშაობს, რაც არასაკმარისია.

"საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მხოლოდ და მხოლოდ ათი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ეს არის მხოლოდ სატესტო რეჟიმი და არ არის საბოლოო ვერსია. როგორც ვიცით, მომდევნო წლიდან გზებზე დამატებითი ეკიპაჟები გამოჩნდებიან, თუმცა საბოლოოდ მათმა რიცხვმა რამდენიმე ათეულს უნდა მიაღწიოს. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ მუშაობს რეფორმა, შეიძლება ითქვას, რომ პირველ ეტაპზე რეფორმა ნორმალურად მუშაობს, თუმცა მნიშვნელოვანია მოხდეს მისი უკეთ გამართვა. დღეს მონიტორინგსა და გამონაბოლქვის კონტროლს, მხოლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს და ვფიქრობთ, რომ უკეთესი შედეგის დასადებად, აუცილებელია ისეთი ცვლილებები ეკიპაჟების დამატების, აღსრულების გამკაცრების თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვის კუთხით",- განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ

ცნობისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გზებზე ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი, 4 სექტემბრიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დაიწყეს. გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, ხოლო მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1 500 და 3 000 ლარია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ