LIVE
ვიდეო
03 აგვ, 2023 19:00
სებ-ში კრიპტო რეგულაციების დახვეწაზე მუშაობენ
619

კრიპტო რეგულაციების ამოქმედებიდან ერთი თვის თავზე ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მიმართვიანობა და ინტერესი გაზრდილია, როგორც ლიცენზიის მსურველი კომპანიებისგან, ისე ინვესტორებისგან. საუბარია, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგულირების წესზე. 

ამასთან, სებ-ში რეგულაციის კიდევ უფრო დახვეწაზე და წლის ბოლომდე კანონში ახალი მუხლების დამატებაზე მუშაობენ. კერძოდ, ე.წ. აუცილებელი ინფორმაციის გაყოლების წესი - სადაც კრიპტო კომპანიებს მოუწევთ ტრანზაქციებს გააყოლონ მაიდენტიფიცირებელი კომპონენტები, რათა გამოჩნდეს ერთი მხრივ, გადმომრიცხავი, ხოლო, მეორე მხრივ მასზე ინფორმაციაც. ამ გზით კი საეჭვო ტრანზაქციები გაკონტროლდება.

"მიმდინარე ეტაპზე ვმუშაობთ აუცილებელი ინფორმაციის გაყოლების წესზე, როცა შევიმუშავებთ რეგულაციის დრაფტს, ბაზართან გვექნება კომუნიკაცია და კონსულტაციები აღნიშნული რეგულაციის გარშემო" - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას სებ-ის საგადახდო და ვირტუალური აქტივების მომსახურების განყოფილების უფროსი, ნიკოლოზ კანდელაკი. 

თავად ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთი მხრივ მარეგულირებლის ქმედებები სრულიად გასაგებია, თუმცა გარკვეულწილად ქაოტურიც. მათი განმარტებით, აქტიური კომუნიკაციაა საჭირო ბაზარზე არსებულ კომპანიებთან, რადგან დღემდე არის რეგულაციებში ისეთი ჩანაწერები, რომელიც ბუნდოვანია და დახვეწას საჭიროებს. მათ შორის, საინტერესო დეტალია ისიც, რომ სებ იტოვებს უფლებას, ბირჟა ბაზარზე არ დააბრუნოს, თუ ის მონაწილეობდა ისეთ ოპერაციაში, რამაც დააზარალა მომხმარებელი, პირობითად შეექმნა ლიკვიდობის პრობლემა დეპოზიტარებისთვის.

"პრობლემა გვაქვს ექსპერტიზის მიმართულებით, როგორც რეგულატორების მხრიდან, ისე ხშირ შემთხვევაში ინდუსტრიის მხრიდანაც. გამოსავალი ისიც შეიძლება იყოს, რომ ყველაფერი არ უნდა ებაროს ეროვნულ ბანკს, როგორც რეგულატორს, უკვე ცხადად ჩანს, რომ ცალმხრივად არის ჩვენთან განვითარებული საბანკო საფინანსო სისტემა, არც თუ ისე ურიგოდ, თუმცა შეიძლება ესეც არის მიზეზი იმის, რომ სათანადოდ ვერ ვითარდება კაპიტალის ბაზარი და სხვა ალტერნატიული ინსტიტუტები",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორი, დავით კიზირია. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ