LIVE
ვიდეო
29 მაი, 2023 11:39
საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება
410

საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა და 5 თვე იმოქმედებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60%-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ ეს დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი,  მეორე მხრივ, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ. შესაბამისად, მომავალ კვირას, საქართველოს მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური 5 თვის ვადით. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და, ამავდროულად, შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პური არ გაძვირდება.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას შეუწყობს ხელს და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას.

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ბიძინაშვილის განცხადებით, წისქვილკომბინატების ნაწილი დღესაც მუშაობს, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, გაჩერებული საწარმოებიც გააქტიურდებიან, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხორბლის შეუფერხებელ დაბინავებას.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ადგილობრივი ხორბლის მარაგების რეალიზაციის პრობლემა, რომლის გადაჭრაში დახმარებასაც სექტორი მთავრობისგან ითხოვდა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ