LIVE
ვიდეო
18 მაი, 2023 18:06
ბანკებმა კრიპტო კომპანიებს უცხოურ ვალუტაში მომსახურება შეუზღუდეს
790

საქართველოში კომერციული ბანკების ნაწილმა, უცხოური შუამავალი ბანკების მოთხოვნით, ქართულ კრიპტო კომპანიებს ევროსა და დოლარში კლიენტების მომსახურება შეუზღუდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტებში კრიპტოსთან დაკავშირებული ტრანზაქციები აღარ დაიშვება, თუმცა ეროვნულ ვალუტაში შეფერხება არ იქნება. კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, რიგითი მომხმარებლისთვის ეს წამგებიანია, რადგან თუ პირობითად დოლარში სურთ ბიტკოინის შეძენა, მოუწევთ ლარში დააკონვერტირონ და ისე იყიდონ, რაც ფინანსურად არ არის მომგებიანი.

როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიდგომები გამკაცრებულია, შესაბამისად ახალი შეზღუდვა, რაც კრიპტოვალუტით მოვაჭრე კომპანიებს შეეხოთ აუცილებელია. 

"ბიზნეს ფორმულა" საკითხის დასაზუსტებლად ეროვნულ ბანკსაც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ "რისკების მინიმიზაციისთვის" ქართული კომერციული ბანკები კანონის შესაბამისად მოქმედებენ. 

"ვირტუალური აქტივი მისი ბუნებიდან გამომდინარე - ანონიმურობის მაღალი ხარისხი, ტრანზაქციების სისწრაფე, ტრანზაქციების მიკვლევის სირთულე, მსოფლიო მასშტაბით არასათანადო რეგულირება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული. კომერციული ბანკები, როგორც ანგარიშვალდებული პირები ხელმძღვანელობენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით. ამიტომ რისკების მინიმიზაციისთვის ანგარიშვალდებულები არიან უარი თქვან ამა თუ იმ ტიპის კლიენტის მომსახურებაზე, პროდუქტის/სერვისის შეთავაზებაზე და ტრანზაქციის განხორციელებაზე," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ