LIVE
ვიდეო
23 დეკ, 2022 16:32
რამდენად საკმარისია ₾14 მილიონი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის - ბიზნესის შეფასება
981

ბიზნესის ნაწილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 14 მილიონ ლარს მიზერულს და არასერიოზულს უწოდებს. 

კორპორაცია "დურუჯი ველის" გენერალური დირექტორის, ნუგზარ ქსოვრელი​​ს შეფასებით, ეს თანხა მასშტაბური მარკეტინგული კამპანიისთვის არასაკმარისია. 

"ევროკავშირის ისეთი ქვეყნები როგორიცაა საფრანგეთი ან იტალია, 14 მილიონზე 10-ჯერ, 15-ჯერ უფრო მეტს ხარჯავენ მხოლოდ აშშ-ს ბაზარზე პოპულარობის გაზრდის მიზნით. ისედაც გაზრდილ კონკურენციაში კი 14 მილიონი ლარი უბრალოდ არასერიოზულია. მიღმა დაფინანსებისა ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ აირჩიოს ის კომპანიები, რომელთაც ექნებათ გრძელვადიანი ხედვები", - აღნიშნავს ნუგზარ ქსოვრელი

გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამ მოსაზრებას იზიარებს "ძმების მარნის" დამფუძნებელი, გურამ ავქოფაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსებაში უნდა მოხვდნენ პასუხისმგებლიანი კომპანიები. 

"თანხა ერთია და მეორე როგორ დაიხარჯება ის. აუცილებელია, კონკრეტულ კომპანიას ჰქონდეს გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რათა საბოლოო შედეგი დადგეს წარმატებული. ამასთან, ეს კომპანია უნდა აწარმოებდეს უმაღლესი ხარისხის ღვინოს და შეეძლოს მაღალ კონკურენციაში ადგილის დამკვიდრება. ამ მხრივ ცალსახად დიდი შანსები აქვთ მცირე მარნებს, რადგან ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით სწორედ ისინი გამოირჩევიან. ასევე აქვთ განვითარებულ ბაზრებზე ოპერირების გამოცდილებაც", - ამბობს გურამ ავქოფაშვილი

გამომდინარე იქიდან, რომ 14 მილიონი ლარი კონკურენტუნარიან ბაზრებზე გასასვლელად საკმარისი ვერ იქნება, კერძო სექტორი სახელმწიფოსგან ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს. ასოციაცია "ღვინის ოსტატების" დამფუძნებლის, ანდრო ბარნოვის თქმით, რუსეთის ბაზარზე მზარდი დამოკიდებულების ფონზე, სექტორისთვის ალტერნატიულ ბაზრებზე გასასვლელად რეალური წახალისება სწორედ მარკეტინგში ჩადებული მსხვილი ინვესტიცია იქნება. 

"ამ 14 მილიონი ლარის საპირწონედ სასწორზე დევს რუსეთის უდიდესი ბაზარი, რომელზეც დამოკიდებულება ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ, ამ თანხის ოდენობა არასერიოზულად გამოიყურება. თუ რეალურად გვსურს წარმატების მიღწევა ალტერნატიულ ბაზრებზე და ქართული ღვინის მეტი პოპულარობა, მაშინ დაფინანსება უნდა გაიზარდოს", - აღნიშნავს ანდრო ბარნოვი. 

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი 2023 წლისთვის 2 მილიონი ლარით, 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა.​ როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 2023 წელს ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სამხრეთ კორეა და იაპონია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ