LIVE
ვიდეო
22 ოქტ, 2022 11:00
რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად, სესხები TIBR-ის ინდექსს მიებმება - ეროვნული ბანკის გეგმა
809

ეროვნული ბანკი გეგმავს, რომ სესხები რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად ალტერნატიულ ინდექსს მიაბას.

კერძოდ, მარეგულირებელში შესაბამისი განხილვები უკვე დაწყებულია და იგეგმება, რომ ცვლადგანაკვეთიანი სესხები რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად TIBR-ის ინდექსს ანუ თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს მიებას.

ეროვნულ ბანკში ცვლილების მიზეზად საერთაშორისო პრაქტიკას ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს მექანიზმი მეტად საბაზრო და სამართლიანი ინსტრუმენტია.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, უშუალოდ მომხმარებელზე ამ ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება, რადგან ალტერნატიული ინდექსი ასევე ითვალისწინებს რეფინანსირების განაკვეთის კომპონენტს და როგორც წესი, აღნიშნულ ინსტრუმენტებზე განაკვეთები ერთმანეთთან ახლოსაა.

„მსოფლიოში განვითარებულ ბაზრებზე პრაქტიკაა, რომ სესხები საბაზრო განაკვეთზეა მიბმული, რომელიც უფრო ხშირად იცვლება და უკეთ ასახავს ბაზარზე არსებულ ვითარებას. ბუნებრივია, ახალ ინდექსზე გადასვლით მსესხებელს ძალიან ხშირად არ შეეცვლება  საპროცენტო განაკვეთი, თუმცა როდესაც კონტრაქტის მიხედვით მისი პროცენტის ცვლილების ვადა მოვა, უკვე ის TIBR-ის ინდექსის მიხედვით შეიცვლება და არა რეფინანსირების განაკვეთის. შესაძლოა იყოს ისეთი ვითარებაც, როდესაც ეს ორი განაკვეთი განსხვავებული იქნება ერთმანეთისგან, თუმცა როგორც წესი, ეს ორი ინდექსი ერთმანეთთან ახლოსაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალ ინდექსზე გადასვლის შემდეგაც უკვე არსებულ მსესხებლებს ექნებათ არჩევანი, კვლავ რეფინანსირების განაკვეთზე იყოს მათი სესხები მიბმული ან ახალ ინდექსს მიაბან. რაც შეეხება ახალ გაცემულ კრედიტებს, ისინი უკვე TIBR-ის ინდექსზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ცნობისთვის, ცვლადგანაკვეთიანი სესხების ალტერნატიულ ინდექსზე მიბმის საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ზაფხულში, პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. თუმცა მაშინ არ დაკონკრეტებულა, თუ რომელ ინდექსზე გეგმავდა მარეგულირებელი სესხების მიბმას.

ამ დროისთვის როგორც რეფინანსირების განაკვეთი, ასევე თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი (TIBR) 11%-ს შეადგენს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ