LIVE
ვიდეო
30 სექ, 2022 19:00
სებ-ი არ გამორიცხავს, რომ ბანკებს სადაზღვევო კომპანიების ფლობა შეეზღუდოთ
740

ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს, რომ კომერციულ ბანკებს სადაზღვევო კომპანიების ფლობა შეეზღუდოთ.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერია, რომ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვა კვლავ გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ შესაძლოა ბანკები სრულად არ იცავდნენ მარეგულირებლის მიერ დადგენილ მოთხოვნას და მომხმარებლებს კვლავაც ძირითადად მხოლოდ მათთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების მომსახურებას სთავაზობდნენ.

შესაბამისად, სებ-ში არ გამორიცხავენ, რომ ამ მიმართულებით კომერციულ ბანკებს დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, შესაძლებელია განხილული იყოს ფინანსური ორგანიზაციებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობისა და მათ შორის სტრუქტურული კავშირის შეზღუდვა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა, აუცილებელია ამ მიმართულებით დამატებითი კვლევა ჩატარდეს.

„ფინანსური ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელთან დაკავშირებული დაზღვევის პორტფელის რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაზე გადანაწილების დინამიკა არასახარბიელოა ამიტომ ვფიქრობთ, ეს საკითხი კიდევ საჭიროებს დამატებით კვლევას. მათ შორის, რამდენად აქვს მომხმარებელს საშუალება სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი აირჩიოს. ასევე გაყიდვების ტექნიკიდან გამომდინარე ხომ არ ხდება ისეთი შემთხვევები, რომ მომხმარებელს მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანიისკენ უბიძგებს ფინანსური ორგანიზაცია. ეს შემდგომ კვლევას აუცილებლად საჭიროებს და თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ამ მხრივ პრობლემა მწვავეა, ბუნებრივია, შეიძლება განვიხილოთ დამატებითი მოთხოვნების დაწესების საკითხი“, - განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

ცნობისთვის, 2021 წლის 1 აპრილიდან ბანკები ვალდებულები არიან, სესხის გაცემისას მომხმარებელს სამი სადაზღვევო კომპანიის ალტერნატივა შესთავაზონ. თუმცა როგორც სადაზღვევო კომპანიების ნაწილში აღნიშნავენ, ბანკები მათ კვლავაც არაკონკურენტულ გარემოში აყენებენ და მომხმარებლებს ძირითადად მათთან დაკავშირებული კომპანიების მომსახურებას სთავაზობენ.

ამ დროისთვის ბაზარზე 18 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს. აქედან სამი პირდაპირ ბანკების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მფლობელობაშია. ასეთია „თიბისი დაზღვევა“, „ბაზისბანკთან“ დაკავშირებული ჰუალინგ ჯგუფში შემავალი  „ბბ დაზღვევა“ და „ქართუ დაზღვევა“. ამასთან, სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი „ალდაგია“, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ბანკის ჯგუფში შედიოდა, თუმცა ამ დროისთვის მათ შორის უშუალო იურიდიული კავშირი აღარ არსებობს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ