LIVE
ვიდეო
27 სექ, 2022 16:00
19 257 დასაქმებულს აგვისტოში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხა
816

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, კერძო და საჯარო სექტორებში დასაქმებულებიდან, 34 033 პირის ანაზღაურება 501-დან 600 ლარამდეა. 19 257 დასაქმებულს კი აგვისტოში 100 ლარზე ნაკლები ჩაერიცხა.

აგვისტოს მონაცემებით, დასაქმებულების რაოდენობა და მიღებული ხელფასები ასე გამოიყურება:

  • 0-დან 100 ლარამდე - 19 257 დასაქმებული
  • 101-დან 200 ლარამდე -  29 880 დასაქმებული
  • 201-დან 300 ლარამდე -  35 965 დასაქმებული
  • 301-დან 400 ლარამდე -  38 559 დასაქმებული
  • 401-დან 500 ლარამდე -  38 680 დასაქმებული
  • 501-დან 600 ლარამდე -  34 033 დასაქმებული

PMCG-ის კვლევის თანახმად, 0-დან 600 ლარამდე ანაზღაურების მიმღებთა რაოდენობა, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, 3.9%-ით შემცირდა.

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ კადრების მოსაზიდად გარკვეული მიმართულებებით ანაზღაურება გაიზარდა, თუმცა კომპანიებში ხელფასების მეტად გაზრდის საშუალება აღარ აქვთ.

"როდესაც ბიზნესს მეტი ინვესტიცია, შესაძლებლობა და კონკურენციის საშუალება ექნება, რა თქმა უნდა, ხელფასები გაიზრდება. ამასთან, ანაზღაურების ზრდა დამოკიდებულია, რამდენად კვალიფიციურ კადრს იღებ. ძალიან ბევრ ბიზნესს კადრების დეფიციტი აქვს, მაგრამ კვალიფიციურ კადრებს ვერ პოულობს",- აცხადებს "დამსაქმებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ლაბაძე "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას. 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1%-ით (213.3 ლარით) 1 541.3 ლარამდე გაიზარდა. 

აპრილი-ივნისის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 236.2 ლარით (17%) გაიზარდა და 1 625.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი, ხელოვნება, ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში დაფიქსირდა, რომლის მაჩვენებელმაც 3 209.9 ლარი შეადგინა. წლიური ზრდა 45.3%-ია. ასევე მაღალი შემოსავალი ჰქონდათ ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგში, სადაც ხელფასი 2 631.0 ლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 38.6%-ითაა გაზრდილი. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ