LIVE

როგორ აისახება უკრაინაში რუსეთის ომი კოსოვოში არსებულ დაძაბულობაზე

05 აგვ 202218:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1060
როგორ აისახება უკრაინაში რუსეთის ომი კოსოვოში არსებულ დაძაბულობაზე

იუგოსლავიის სისხლიანი დაშლიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის გამომწვევი შუღლი კვლავ სახეზეა. კოსოვომ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის, სერბეთისგან დამოუკიდებლობა, ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2008 წელს გამოაცხადა. ამ დავამ, 2022 წლის შუა პერიოდში ისეთი სახე მიიღო, რამაც ევროკავშირის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ძალადობის საფრთხე გააჩინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სცენარში ახალი პასაჟი გააჩინა და სერბეთი ევროკავშირის მხრიდან მოსკოვთან კავშირის გაწყვეტის მოთხოვნით წნეხის ქვეშ აღმოჩნდა.

1. რა გახდა დავის უკანასკნელი მიზეზი?

კოსოვოში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს 1.8 მილიონი ეთნიკური ალბანელი, თუმცა სერბების რაოდენობაც 100,000-ს აღწევს. დაძაბულობამ იმატა აგვისტოში, როდესაც კოსოვოს ხელისუფლებამ, უმცირესობაში მყოფ სერბებს არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სამანქანე ნომრების მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის შესაბამისად გამოცვლა მოსთხოვა. ბევრმა ეთნიკურად სერბმა ეს ადმინისტრაციული ბრძანება შეურაცხყოფად და საკუთარ იდენტობაზე უარის თქმის წინაპირობად მიიღო. ზემოხსენებული დირექტივა მოგვიანებით შეაჩერეს, თუმცა იმ ფონზე, რომ თვის ბოლოს ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებები ჩაინიშნა.

2. რამ წარმოშვა დავა?

კოსოვოში საპროტესტო ტალღა 1981 წელს იუგოსლავიის კომუნისტი დიქტატორის, იოსიპ ბროზ ტიტოს გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. თავდაპირველი მოთხოვნის შესაბამისად, ეთნიკურ ალბანელებს სურდათ კოსოვო სერბეთის პროვინციიდან იუგოსლავიის ფედერალურ რესპუბლიკად გარდაექმნათ, რამაც სერბული ნაციონალიზმი წაახალისა და 1987 წელს, ხელი შეუწყო სლობოდან მილოშევიჩის სერბეთის ხელისუფლებაში მოსვლას სეპარატიზმის შეჩერების პირობით. ტერიტორიებისთვის ბრძოლა 1998 წელს გაჩაღდა, რასაც 10,000 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბრძოლა დასრულდა 1999 წელს, როცა ნატოს მიერ განხორციელებულმა დაბომბვამ სერბულ ჯარებს კოსოვოს დატოვება აიძულა და რის შედეგადაც 200,000 სერბ მოქალაქეს ქვეყნის დატოვება მოუწია. სერბეთის მტკიცებით, ის არ აპირებს დათმოს მისი "ისტორიული მიწა". ამ მოსაზრებას მხარს უბამენ რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირის ხუთი წევრი.

3. რა გავლენა იქონია უკრაინაში რუსეთის ომმა?

კოსოვოსთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური განხეთქილება განსაკუთრებით აქტუალური გახდა სერბეთის აშკარა მხარდამჭერის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ფონზე. მან კოსოვოს საკითხი, რომელსაც დასავლური სამყაროს უმრავლესობა აღიარებს, შეადარა 2014 წლიდან რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ უკრაინის ორ რეგიონს. საპასუხოდ, სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები აქტიურად იყენებენ უკრაინაში მიმდინარე ომს თავიანთი რიტორიკის გასამყარებლად. არსებობს რისკი, რომ ესკალაცია გავრცელდეს არასტაბილური დასავლეთ ბალკანეთის სხვა მხარეს, ბოსნია-ჰერცოგოვინას ჩათვლით. და მაინც, ნატოს სამშვიდობო ჯარები წლების მანძილზე განაგრძობენ კოსოვოში მშვიდობის შენარჩუნებას და როგორც ალიანსმა განაცხადა, ის მზად არის ჩარევისთვის, თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება.

4. ვინ არიან მთავარი მოთამაშეები?

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ სერბეთი რუსეთის ინტერესების მსახურებაში დაადანაშაულა, ხოლო სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ კოსოვოს ოფიციალური პირები ცდილობენ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. ზოგადად, კოსოვოს ხელმძღვანელობაზე აშშ-ს აქვს მეტი გავლენა, ვიდრე ევროკავშირს. სერბეთი კი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს მოსკოვში, ასევე ვაშინგტონსა და რიუსელში. ვუჩიჩმა გაეროში დაგმო უკრაინაში შეჭრა, თუმცა უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებაზე. 2022 წელს ვუჩიჩმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა კიდევ ხუთი წლით გაიხანგრძლივა, მისი პარტია კი პარლამენტში უმრავლესობას ფლობს. კურტის უარი სერბეთთან რაიმე დათმობის შესახებ, კიდევ უფრო ართულებს ნებისმიერ მოლაპარაკებას მეზობელ ერთან. 

5. როგორია ევროკავშირის ურთიერთობა სერბეთთან და კოსოვოსთან? 

სერბეთმა და კოსოვომ 2013 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვაჭრობის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა კოსოვოში სერბებისთვის გარკვეული თვითმმართველობის უფლების მინიჭებას. მოგვიანებით კოსოვომ განაცხადა, რომ არ მიანიჭებს მათ ავტონომიას და განხილვების გაგრძელებამდე მოითხოვა სერბეთის სრული აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერისთვის ევროკავშირი მთავარ ინვესტორად რჩება, ბლოკში გაწევრიანების პროგრესი ნელია. სერბეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს ბლოკში შესვლაზე და უფრო წინ დგას ამ პროცესში, ვიდრე კოსოვო, რომელსაც კანდიდატის სტატუსი ჯერ არ მიუღია. ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაწევრიანების პირობა მათ შორის დაპირისპირების მოგვარება იქნება. ბლოკის მიმართ იმედგაცრუება იზრდება სერბეთში, სადაც ევროკავშირი განიხილება, როგორც სულ უფრო შორს მყოფ და საკუთარი საკითხებით დაკავებულ გაერთიანებად მიიჩნევა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მიშა სავიჩი