LIVE

რუსეთმა ნავთობის ბაზარზე გასასვლელად ახალი მარშრუტი იპოვა

04 აგვ 202214:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 897
რუსეთმა ნავთობის ბაზარზე გასასვლელად ახალი მარშრუტი იპოვა

როგორც ჩანს, რუსეთმა ნავთობის ბაზარზე გასატანად ახალი გზა იპოვა. 24 ივლისს ეგვიპტეში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ელ-ჰამრას ნავთობტერმინალში დაახლოებით 700 000 ბარელი რუსული ნავთობი ტანკერ Crested-ით შეიტანეს. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის შემდეგ, ტვირთი გადაიტანეს სხვა გემზე, რომელზეც შესაძლოა, იტვირთებოდეს დარჩენილი რუსული ნავთობი სრულად ან ნაწილობრივ. 

უჩვეულო მოძრაობა ართულებს ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილისთვის თვალის მიდევნებას. რუსული ნავთობის გადაზიდვები უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, რადგან ევროპელი მყიდველები ცდილობენ, რომ რუსულ ნავთობს თავი აარიდონ.

ელ-ჰამრას, რომელსაც ეგვიპტური კომპანია Western Desert Operating Petroleum მართავს, აქვს ექვსი შესანახი ავზი. მას შეუძლია შეინახოს 1,5 მლნ ბარელი ნედლი ნავთობი და ერთი ბუის დასამაგრებელი მოწყობილობა ჩატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის. 

ტერმინალი აშენდა ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოში წარმოებული ნედლი ნავთობის მოთავსების მიზნით და რუსული ნავთობის ადგილობრივთან შერევის შესაძლებლობას იძლევა. 

Bloomberg-ი ელ-ჰამრას ტერმინალის მფლობელთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან გამოცემის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დაკვირვების მონაცემების მიხედვით, რამდენიმე საათის შემდეგ ტანკერმა სახელწოდებით Crested ელ-ჰამრა დატოვა და შემდეგი ტანკერი Chris შევიდა. როდესაც Chris-მა 28 ივლისს დატოვა ელ-ჰამრა, მისი სატვირთო ტანკები თითქმის სავსე იყო. ის ახლა ეგვიპტის წითელი ზღვის სანაპიროზე, რას შუხეირის ნავთობტერმინალში იმყოფება. ეს ტერმინალი ასევე იძლევა რუსული ნედლი ნავთობის ეგვიპტურთან შერევის შესაძლებლობებს.

ეგვიპტეს რუსეთი იყენებს სატრანზიტო მარშრუტად მაზუთის გასატანად. უცნობია, ელ-ჰამრას ნავთობტერმინალი ერთჯერადად გამოიყენეს თუ ის გახდება უფრო ხშირად გამოყენებული პორტი რუსული ნავთობის გადასაზიდად.

უფრო ადრე, რუსული ნედლი ნავთობის გადამზიდავი გემიდან გემზე ტვირთების გადაზიდვა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქალაქ სეუტას მახლობლად ხდებოდა. შედარებით ადრე წარსულში ამისთვის ატლანტიკის შუაგული გამოიყენებოდა. ეს უჩვეულო ადგილია ასეთი უცნაური ოპერაციისთვის, რომელიც ჩვეულებრივ სანაპიროსთან მახლობლად დაცულ ადგილებში ტარდება.

ნედლი ნავთობის გადაზიდვა, როგორც ჩანს, ივნისში დაფიქსირდა ჯოჰორთან, სინგაპურის მახლობლად. ეს ტერიტორია უკვე იქცა ჩინეთისკენ მიმავალი ირანული ნავთობის ტვირთების გადაზიდვის ადგილად. 

ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის გადაზიდვაზე და გადაზიდვის სერვისებზე აკრძალვა სრულად მიმდინარე წლის ბოლოს ამოქმედდება, რაც რუსეთს კიდევ უფრო გაურთულებს გზებს ტვირთების მყიდველამდე მისაწოდებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯულიან ლი