LIVE

პაპი ყაზახეთში მიემგზავრება, სადაც შესაძლოა რუსეთის პატრიარქს შეხვდეს

01 აგვ 202217:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 626
პაპი ყაზახეთში მიემგზავრება, სადაც შესაძლოა რუსეთის პატრიარქს შეხვდეს

რომის პაპი ფრანცისკე სექტემბერში ყაზახეთში რელიგიური ლიდერების შეხვედრას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს. პაპის უფრო ადრეული განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ შეხვდება რუსეთის პატრიარქს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერია.   

ფრანცისკე დედაქალაქ ნურ-სულთანს 13-15 სექტემბერს ეწვევა და მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესში მიიღებს მონაწილეობას. 

ფრანცისკე კირილთან შეხვედრას 14 ივნისს იერუსალიმში გეგმავდა, მაგრამ ვატიკანის დიპლომატების რჩევით, ეს შეხვედრა გაუქმდა.  

თუ სექტემბერში შეხვედრა შედგება, 2016 წელს კუბაში შეხვედრის შემდეგ, ეს მათი მეორე შეხვედრა იქნება. ეს უკანასკნელი 1054 წლის დიდი სქიზმის შემდეგ პაპსა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერს შორის პირველი ასეთი შეხვედრა იყო.  

ვატიკანის განცხადებაში რუსეთის პატრიარქი ნახსენები არაა. განცხადება რუსულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდა. რუსული ყაზახეთის მე-2 ოფიციალური ენაა. 

უკრაინის ომმა ვატიკანსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის განხეთქილება გამოიწვია. მაისში იტალიურ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ფრანცისკემ თქვა, რომ კირილი "ვერ გახდება პუტინის საკურთხევლის ბიჭი". მოგვიანებით რუსეთის საპატრიარქომ პაპი ამ კომენტარის გამო გააკრიტიკა.

კირილის პოზიციამ ასევე დაარღვია მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანი პოზიცია და გამოიწვია შიდა აჯანყება. შედეგად ზოგიერთმა ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტა. 

ივნისში გაერთიანებულმა სამეფომ "უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის" კირილს სანქციები დაუწესა. უნგრეთის მოთხოვნით, ის ევროკავშირის სანქცირებული პირების სიიდან ამოიღეს.