LIVE

რუსეთი თურქეთში ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად $20 მილიარდს გამოყოფს

29 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 908
რუსეთი თურქეთში ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად $20 მილიარდს გამოყოფს
Serkan Avci/Anadolu Agency/Getty Images

თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ი შვილობილ კომპანიას $20 მილიარდს უგზავნის.

გასულ კვირას Rosatom-მა დაახლოებით $5 მილიარდი გადაურიცხა თურქ დეველოპერ Akkuyu Nuclear-ს. ორი ასეთი ტრანსფერი უნდა განხორციელდეს მიმდინარე და მომდევნო კვირებში. Rosatom-ის ცნობით, პროექტი კერძო სახსრებით ფინანსდება. 

ელექტროსადგური თურქეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სადგურმა ოთხივე რეაქტორის ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის 10% უნდა დააკმაყოფილოს. 

პროექტმა მიიღო დაფინანსება რუსეთის უმსხვილესი კრედიტორისგან, Sberbank-ისგან, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება და Sovcombank-ისგან, რომელიც ასევე სანქცირებულია.

Rosatom-ი, თურქული პროექტის ერთადერთი მფლობელი და მისი შვილობილი კომპანია, რომელიც ქარხანას აშენებს, სანქცირებულები არ არიან.

Bloomberg-თან თურქი ოფიციალური პირები ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებენ, რომ დაფინანსება დაფარავს ყველა შესყიდვის საჭიროებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

პირველ რეაქტორზე, რომელიც ცნობილია როგორც Akkuyu-1, მუშაობა 2018 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ ინჟინრებმა დაიწყეს მუშაობა Akkuyu-2-ზე. სამუშაოების დასრულება 2026 წლისთვის იგეგმება.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ტრანსფერებს უწოდა კეთილგანწყობის დემონსტრირება ვლადიმერ პუტინისგან ერდოღანის როლის გამო უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში. ორი ლიდერი მოლაპარაკებებს სოჭში 5 აგვისტოს გამართავს.

მარტში, Rosatom-მა განაცხადა, რომ აქვს უფლება მიყიდოს Akkuyu-ს აქციების 49% ინვესტორს, მაგრამ ამავე დროს, აქვს ყველა “საჭირო რესურსი და ინსტრუმენტი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის”. Rosatom-ის თანახმად, ქარხნისთვის “აღჭურვილობის წარმოება და მიწოდება” გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

გარდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა, რომელიც აშენდა ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ქალაქ ალაგასთან 1970-იან წლებში, რუსმა ინჟინრებმა განავითარეს თურქეთის სამრეწველო ცენტრის სხვა საყრდენები, მათ შორის ალუმინის ქარხანა, ტექსტილისა და მინის წარმოება.

თურქეთმა ასევე იყიდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები მოსკოვისგან მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწია შეთანხმებას ნატოს ტრადიციულ მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-სთან. 

რუსეთი თურქეთის ენერგომომარაგების ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. გასულ წელს მან უზრუნველყო თურქეთის ნედლი ნავთობის იმპორტის მეოთხედი და ბუნებრივი აირის შესყიდვების დაახლოებით 45%, რაც მოსკოვს ორმხრივ ვაჭრობაში უზარმაზარ პროფიციტს აძლევდა.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა ამჟამად მუშაობს მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მისცემს თურქეთს, გადაიხადოს რუსეთისგან ენერგიის შესყიდვის ნაწილი ან მთლიანად ლირას მეშვეობით.

მოკავშირეები აღიარებენ ანკარას ეკონომიკურ დაუცველობას და თავს იკავებენ ერდოღანზე ზეწოლისგან, რათა დაიცვას სანქციები რუსული კომპანიებისა და ოფიციალური პირების მიმართ.

დასავლეთის უმეტეს სანქციებთან შეერთებისგან თავის შეკავების მიუხედავად, თურქეთმა ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას. კომპანიამ, რომელსაც ერდოღანის სიძე ხელმძღვანელობს, უკრაინის არმიის მხარდასაჭერად ათობით სამხედრო თვითმფრინავი, ბაირაქტარის დრონი გამოყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფირატ კოზოკი