LIVE

ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - ანაკლიის პორტის პროექტი სახდეპის ანგარიშში მოხვდა

29 ივლ 202213:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 556
ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - ანაკლიის პორტის პროექტი სახდეპის ანგარიშში მოხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც მოხვდა.

ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობამ დაადასტურა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართ ერთგულება, ტენდერი კვლევების მომზადების პერიოდში გამოცხადებული არ ყოფილა.

ამასთან, ანგარიშში დროში გაჭიანურებულ სასამართლო დავებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ "არსებობს მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად ან დროული და კომპეტენტური გზით, ბიზნეს დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში კი წლობით გრძელდება".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურებების შეძენას გეგმავს და ამ მიზნით, გამარტივებულ შესყიდვაზე 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ, მთავრობა იურიდიულ ფირმა White & Case-ს, როტერდამის საკონსულტაციო ცენტრსა და კომპანია MTBS-ს დაიქირავებს.

შეგახსენებთ, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებდა, რომ მზად იყო კვლევები, მათ შორის MTBS-ის მიერ მომზადებული და მთავრობას პორტის განვითარების პროგრამა მზად ჰქონდა.