LIVE

რუსეთი Sakhalin-2-ის გაზის მყიდველებს გადახდას რუსული ბანკის მეშვეობით სთხოვს

29 ივლ 202214:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 852
რუსეთი Sakhalin-2-ის გაზის მყიდველებს გადახდას რუსული ბანკის მეშვეობით სთხოვს

რუსეთი სთხოვს Sakhalin-2-ის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მომხმარებლებს, გადახდები რუსული ბანკის მეშვეობით განახორციელონ. ეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განკარგულების ნაწილია პროექტისთვის ახალი კომპანიის შექმნის შესახებ.

პროექტის ოპერატორმა Sakhalin Energy Investment Company-მ აცნობა LNG მყიდველებს ხელშეკრულებებში საჭირო ცვლილებების შესახებ. კონტრაქტების პირობები - ვალუტა, მოცულობა, ფასები და მიწოდების ადგილები - უცვლელი დარჩება.

ცვლილებებმა შეიძლება შეაფერხოს სასიცოცხლო მნიშვნელობის საწვავის მიწოდება, როცა მსოფლიო იბრძვის საწვავის დეფიციტთან და ენერგორესურსების მკვეთრად მზარდ ფასებთან. რუსულ ბანკზე გადასვლამ შეიძლება გაართულოს პროცესი, რადგან მყიდველები ამოწმებენ, არღვევენ თუ არა რაიმე სანქციას.

Bloomberg-ის ინფორმაციით, Gazprombank-ი, რუსული გაზის ექსპორტიორის საკრედიტო ჯგუფი, გამოყენებული იქნება ახალ კომპანიასთან ტრანზაქციებისთვის. 

ეს ნაბიჯი მოჰყვა პუტინის ბრძანებას მიმდინარე წლის დასაწყისში, რომლის მიხედვით, რუსული მილსადენის გაზის მყიდველებმა არამეგობრული ევროპული ქვეყნებიდან, უნდა გადაიხადონ რუბლით Gazprombank-ის მეშვეობით. კომპანიების ნაწილმა მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. შედეგად, მიწოდება შეწყდა, რამაც ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. ევროპელი პოლიტიკოსები რუსეთს ეკონომიკის სანქციების საპასუხოდ ენერგოკრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება Sakhalin 2-ს, გასულ თვეში რუსეთმა განაცხადა, რომ ბერმუდის კუნძულებზე რეგისტრირებული Sakhalin Energy-ს ნაცვლად პროექტზე უფლებებს გადასცემს ახალ რუსულ შპს-ს, ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მოტივით.

Gazprom-ის ხელმძღვანელობით საწარმოს აქციონერებს, Shell-სა და იაპონურ Mitsubishi-სა და Mitsui-ს კომპანიის დაარსებიდან ერთი თვე აქვთ, რათა გადაწყვიტონ, შეიძენენ თუ არა წილს ახალ კომპანიაში. 

Shell-მა, რომელიც კომპანიის აქციების 27,5%-ს ფლობს, უკრაინაში ომის შემდეგ პროექტის დატოვების შესახებ განაცხადა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ვან ბეურდენმა აღნიშნა, რომ “ნაკლებად სავარაუდოა” კომპანიამ ახალ საწარმოში წილები შეიძინოს.

Mitsubishi და Mitsui ერთობლივად ფლობენ Sakhalin-2-ის 22,5%-ს, ხოლო იაპონია LNG-ის ყველაზე დიდი მყიდველია ქარხნიდან, რომელიც ფუნქციონირებს 2009 წლიდან. იაპონიამ უნდა გამოიკვლიოს, როგორი იქნება ბრძანებულებით გათვალისწინებული კონტრაქტები და განიხილოს მისი პასუხი პროექტში ჩართულ იაპონურ კომპანიებთან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ 1-ელ ივლისს პროექტში ცვლილებების გამოცხადების შემდეგ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სტეფან სტაპჩინსკი, ანა შირიაევსკაია და სერხიო ჩაპა