LIVE

აშშ-ს ეკონომიკა მეორე კვარტალშიც შემცირდა

28 ივლ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
აშშ-ს ეკონომიკა მეორე კვარტალშიც შემცირდა

აშშ-ს ეკონომიკა მეორე კვარტალში ზედიზედ მეორედ შემცირდა. რეკორდულმა ინფლაციამ, სამომხმარებლო ხარჯების შემცირებამ და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ ბიზნესები და საცხოვრებელი უძრავი ქონების ინდუსტრია შეაფერხა.

კომერციის დეპარტამენტის წინასწარი შეფასებით, აშშ-ში მთლიანი შიდა პროდუქტი 0.9%-იანი წლიური ტემპით დაეცა, რაც წლის პირველ სამ თვეში 1.6%-იან ვარდნას მოჰყვა. პირადი მოხმარება, ეკონომიკის უდიდესი ნაწილი, 1%-იანი ტემპით გაიზარდა, რაც ასევე შენელებას წარმოადგენს წინა პერიოდთან შედარებით.

ანგარიში დამატებითი პოლიტიკური თავისტკივილი იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის. ის ასევე გაართულებს ფედერალური სარეზერვო სისტემის გათვლებს იმის შესახებ, თუ რამდენად აგრესიულად უნდა გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები.

გარდა შინამეურნეობების ხარჯვის შენელებისა, ანგარიშმა ასევე აჩვენა ბიზნესის ინვესტიციების, სახელმწიფო ხარჯებისა და საცხოვრებელი სახლების ინდუსტრიის შენელება. მშპ-ზე ასევე მძიმედ იმოქმედა მარაგებმა.

ანგარიში ცხადყოფს, თუ რამდენად შეამცირა ინფლაციამ ამერიკელების მსყიდველობითუნარიანობა და როგორ შეასუსტა Fed-ის მიერ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ საპროცენტო განაკვეთებისადმი მგრძნობიარე სექტორები.

Bloomberg-ის ეკონომისტთა გამოკითხვის მედიანური პროგნოზი მშპ-ს 0.4%-იან, ხოლო მომხმარებელთა ხარჯვის 1.2%-იან ზრდას ვარაუდობდა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშმა პოტენციურად შეამცირა Fed-ის მიერ განაკვეთის შემდგომი აგრესიული ზრდის შანსები.

ამერიკელები გაზრდილი ფასების წინაშე დგანან პრაქტიკულად ყველა მიმართულებით საწვავის, საკვების და ქირავნობის ჩათვლით. იზრდება ხელფასებიც, თუმცა არა იმდენად სწრაფად, რამდენადაც ინფლაცია. პარალელურად, Fed-ი ცდილობს შეზღუდოს ინფლაციური ზეწოლა, რაც ნაწილობრივ მათი კონტროლის მიღმა ფაქტორებითაა გამოწვეული, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიდ პიკერტი