Fitch-მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. ომში მყოფი ქვეყანა უცხოურ ობლიგაციებზე გადახდების გადავადებასა და $22,8 მილიარდის სუვერენული ვალის რესტრუქტურიზაციას ცდილობს.
Fitch-მა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი C-დან CCC-მდე შეამცირა და განაცხადა, რომ მთავრობის მოთხოვნა საგარეო ვალის დაფარვის გადადების შესახებ, წარმოადგენს “დეფოლტის მსგავს პროცესს”. რეიტინგი შემცირდება RD-მდე, თუ კრედიტორები შეთავაზებას მიიღებენ.
“უარყოფის შემთხვევაშიც კი, Fitch-ს მიაჩნია, რომ გადახდების გამოტოვების რისკი მაღალია, რადგან მთავრობა ცდილობს შეინარჩუნოს ლიკვიდობა სამხედრო ხარჯებზე მწვავე ზეწოლის პირობებში”, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობამ შეიტანა ოფიციალური მოთხოვნა და სთხოვს ობლიგაციების მფლობელებს, დათანხმდნენ გადახდების ორწლიან გაყინვაზე. ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “მიიღო მხარდაჭერის აშკარა ნიშნები “გეგმისთვის მისი უმსხვილესი დავალიანების მფლობელთა შერჩეული ჯგუფისგან, მათ შორის BlackRock-ის, Fidelity International-ისა და Amia Capitaland Gemsstock-ისგან.
გადახდის გადავადების გარდა, Fitch-მა განაცხადა, რომ საჭირო იქნება სახელმწიფო კომერციული ვალის უფრო ფართო რესტრუქტურიზაცია, თუმცა დრო გაურკვეველი რჩება. Fitch-ი მოელის, რომ ომი მომავალ წელსაც გაგრძელდება და მიმდინარე წელს ეკონომიკა 33%-ით შემცირდება. დარტყმას გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება, რადგან მთავრობა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რეკონსტრუქციის ხარჯებს სულ მცირე $750 მილიარდად აფასებს.
უკრაინის ოქროსა და სავალუტო რეზერვები შემცირდა და თვის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტი მეორე კვარტალში საშუალოდ $4 მილიარდს შეადგენდა. Fitch-ის პროგნოზით, სახელმწიფო ვალი მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყნის მშპ-ს 92%-ს მიაღწევს, ხოლო 103%-ს 2023 წლის ბოლოსთვის.
“2023 წელს უკრაინის უკიდურესად დიდი დაფინანსების საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა დამოკიდებულია მრავალმხრივ და ორმხრივ მხარდაჭერაზე, რომელიც ამჟამად ბუნდოვანია. ვფიქრობთ, რომ ვალის რესტრუქტურიზაცია არის სავარაუდო პირობა ამ მასშტაბის საგარეო მხარდაჭერისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდნი მაკი